თამარ კინწურაშვილი - ანტიდასავლური გზავნილებისა და სიძულვილის ენის გავრცელებაში ლიდერობს „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე „ქართული მარში“ და სხვა ულტრანაციონალისტური პარტიები

ანტიდასავლური გზავნილებისა და სიძულვილის ენის გავრცელებაში ლიდერობს „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე „ქართული მარში“ და სხვა ულტრანაციონალისტური პარტიები,- ამის შესახებ განცხადება „მედიის განვითარების“ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა კვლევაზე დაყრდნობით გააკეთა.

„მედიის განვითარების ფონდის“ კვლევა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური და დისკრედიტაციის კამპანიების მონიტორინგის შედეგებს აჯამებს.

მონიტორინგი, როგორც ნაციონალური, ასევე რეგიონული დაფარვის ტრადიციული მედიის, ასევე „ფეისბუქ“ ანგარიშებზე დაკვირვების 3 თვის შედეგებს ასახავს.

„კვლევა შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მიერ გავრცელებულ ანტიდასავლურ გზავნილებს, ასევე, სიძულვილის ენას. გამოიკვეთა, რომ ამ თვალსაზრისით, როგორც წინა კვლევებში, ლიდერობს „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე, „ქართული მარში“ და სხვა ულტრანაციონალისტური პარტიები, რომელთა სახელები ფიგურირებს, როგორც „დოსიეს“ გამოძიებაში კრემლთან კავშირის თვალსაზრისით, ასევე ესტონეთის დაზვერვის დოკუმენტში, რომელიც შეეხებოდა „ქართულ მარშს“, პრიმაკოვის ფონდს და იქ აქცენტი კეთდებოდა სწორედ იმაზე, რომ ღირებულებებთან დაკავშირებული დისკურსით ეს ძალები შეეცდებოდნენ გარკვეულწილად წინასაარჩევნოდ ანტიდასავლური განწყობების შექმნას. გარდა ამისა, ჩვენ დავაკვირდით სოციალურ მედიაში პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასაც, ასევე ცალკეული „ფეისბუქ“ გვერდების მიერ წარმოებულ კამპანიას. ერთი მხრივ, გამოიკვეთა ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდები, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ ავრცელებდნენ გაყალებულ ინფორმაციას, მეორე მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული გვერდები, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდნენ. ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ციტატების გაყალბება, ცალკეული პოლიტიკოსების სახელით, ვიდეომანიპულაცია, ასევე ორ შემთხვევაში გამოიკვეთა ყალბი მხარდამჭერი გვერდების შექმნა, ერთ შემთხვევაში, სააკაშვილის სახელით, მეორე შემთხვევაში, გიორგი რურუას სახელით,“- განაცხადა თამარ კინწურაშვილმა

მისივე ინფორმაციით, დეზინფორმაციის ცალკეული გამოვლინებები დაფიქსირდა არჩევნების დღესაც. რაც შეეხება მადისკრეტირებელ კამპანიას, კინწურაშვილის თქმით, აქ ყველაზე თვალსაჩინო იყო დავით გარეჯთან დაკავშირებული თემები.

„დიხოტომია, რომ ვიღაცამ გაყიდა დავით გარეჯი და ხელისუფლება ცდილობს დაუბრუნოს ის ხალხს, იყო საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების გამოვლინება და გარკვეულწილად ხელი შეუწყო ანტილიბერალურ და პრორუსულ ჯგუფებში ისტორიულ მტერზე აპელირებას, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კამპანია იყო ამ პერიოდში,“- განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა