ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიას შტაბის დაწვაზე - საზოგადოებამ კარგად დაინახა რა ძალასთან გვაქვს საქმე და რამდენად არის მზად ხელისუფლება დიალოგისთვის

ერთი მხრივ, ხელისუფლება საუბრობდეს დიალოგზე და მეორე მხრივ, ქვებს უშენდეს და ხანძარს უჩენდეს მთავარი ოპოზიციური პარტიების ოფისებს, გასაგებია მათი პოზიცია , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისის დარბევის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ბათუმშიც და ეს არის ხელისუფლების ხელწერა, რომელიც ოპოზიციას არ უკვირს.

„ბათუმშიც იგივე მოხდა, ჩაამსხვრიეს ჩვენი ოფისის მინები. ეს არის ხელისუფლების ხელწერა, გასაკვირი ნამდვილად არ არის და არ გვიკვირს, უბრალოდ მთელმა საზოგადოებამ კარგად დაინახა თუ რა ძალასთან გვაქვს რეალურად საქმე და რამდენად არის მზად ხელისუფლება დიალოგისთვის“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს შეხვედრა შედგება, რადგან ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი ამბობს, რომ დიალოგის კარი ღიაა.

„მესამე რაუნდის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, როდის ჩაინიშნება, მაგრამ ხელისუფლება თუ ასე რადიკალურად არის განწყობილი, რომ არ აპირებს ზოგადად იმ მოთხოვნის განხილვას, რომელიც აქვს ოპოზიციას, ვერც ვხედავ საერთოდ მაშინ მიზანს, რატომ უნდა შედგეს ეს შეხვედრა. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრა შედგება იმიტომ, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგანაც მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლაპარაკებების კარი ჯერ დახურული არ არის და პოზიციების დაახლოება შესაძლებელია, ჯერ ჩამოყალიბდნენ თავად ხელისუფლებაში, რომელია ოფიციალურად მათი პოზიცია“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ნიკა მელიას შტაბის წევრმა, თამარ ზერეკიძემ განაცხადა, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს