ევროპის საბჭო დადებითად აფასებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მისი ეფექტურობის დონეს

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე წარმატებით დამტკიცდა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობიდან აცნობეს, Moneyval-ის კომიტეტის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში მიმოიხილავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) ღონისძიებებს საქართველოში და აფასებს როგორც ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ტექნიკურ შესაბამისობას ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციასთან, ასევე ქვეყნის AML/CFT სისტემის მოქმედების ეფექტურობის დონეს.

„მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ 2013 - 2019 წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ რისკების შეფასების პირველი ეროვნული ანგარიშის დამტკიცებას და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მიღებას, რასაც მოჰყვა ამ სფეროში კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლება და რისკებზე დამყარებული მიდგომების გაძლიერება; აგრეთვე - ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების შემდგომი სრულყოფა.

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის ანგარიშში შეფასებულია ამ მიმართულებებით საქართველოს მთავრობის, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობა.

ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტის ანგარიში პოზიტიურად აფასებს შესაბამის უწყებებში სათანადო ცოდნის არსებობას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქართველოში არსებული რისკების შესახებ. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების ეფექტურობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საფინანსო სექტორში ფულის გათეთრების აღმკვეთი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტის შეფასების თანახმად, საქართველოს აქვს ეფექტური სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად. Moneyval-ის კომიტეტის მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანასკნელ წლებში ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენისა და მათი ეფექტური გამოძიების მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა.

ამასთან, Moneyval-ის კომიტეტის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომი სრულყოფის და საერთაშორისო რეკომენდაციების შემდგომი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.

ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტი 1997 წლიდან მოქმედებს და მისი მიზანია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებთან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ეროვნული სისტემების შესაბამისობის შეფასება. საქართველო Moneyval-ის კომიტეტის წევრია 1999 წლიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა