საბა ბუაძე - ჩვენი გზავნილი მაიკ პომპეოს მიმართ არის ერთიანი და გულისხმობს იმას, რომ ქართველი საზოგადოება არ შეეგუება ივანიშვილის და ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ ხელისუფლების მიტაცებას

ჩვენი გზავნილი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიმართ არის ერთიანი და გულისხმობს იმას, რომ ქართველი საზოგადოება არ შეეგუება ბიძინა ივანიშვილის და ამ ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ ხელისუფლების მიტაცებას და გაყალბებულ არჩევნებს, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბუაძემ აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს სახელმწიფო მდივანთან პირისპირ საუბრის საშუალება მისცემოდა.

„მაიკ პომპეოს ვიზიტი ასეთ რთულ ვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც, ვინაიდან არამხოლოდ საქართველოშია რთული სიტუაცია. ბოლოდროინდელმა საომარმა მოქმედებებმა კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია რეგიონში, რასაც დიდი და პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოზე. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს და ხელისუფლების მიტაცებას, ჩვენი გზავნილი სახელმწიფო მდივნის მიმართ არის ერთიანი და გულისხმობს იმას, რომ ქართველი საზოგადოება არ შეეგუება ბიძინა ივანიშვილის და ამ ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ ხელისუფლების მიტაცებას და სახელმწიფოს მიტაცებას და ზუსტად ამას ვუპირისპირდებით. ჩვენი საპროტესტო გზავნილი ისევე, როგორც ოპოზიციის ერთიანი მოთხოვნა სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის არის უკვე ცნობილი, ამიტომაც მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი და გარდაუვალი საკითხი იქნება საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რომელსაც არამხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრი, არამედ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს საკონსტიტუციო პრინციპების და სამართლიანი არჩევნების პრინციპების დარღვევად”, - განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს