დავით ბაქრაძე - დარწმუნებულები ვართ, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს, რომელიც დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იქნება.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პომპეოსთან შეხვედრებზე იმსჯელებენ მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან ვაჭრობის განვითარებაზე.

„რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ამის არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და დადასტურება გვაქვს, რომელიც გამოიხატება მათ შორის საქართველოს მხარდამჭერი აქტით, ასევე აპროპრეაციების აქტით და ველოდებით, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი დისკუსია.

"კოვიდ-19"-ის და მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან როგორც საქართველოსთან, ასევე რეგიონთან საქართველოს გავლით იქნება მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთად.

მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრები იგეგმება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტი იქნება ისეთივე შედეგიანი და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს, რომელიც დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეოს საქართველოში დღეს ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს. დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმაურება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს