გიორგი გახარია მაიკ პომპეოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმარა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ლუგარის ლაბორატორიის სახით, რომელიც მეტად საკვანძო ასპექტია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რადგან საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული ჩვენს მიწაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს - თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს. რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით საქართველოში ვიზიტისთვის“, - მიმართა გიორგი გახარიამ მაიკლ პომპეოს. საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მაიკლ პომპეომ ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“, - აღნიშნა მაიკლ პომპეომ.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა აშშ-ის უმნიშვნელოვანესი დახმარება პანდემიასთან გამკლავების პროცესში და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობას. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებებით. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა აშშ-ის უმნიშვნელოვანესი როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

გიორგი გახარიას შეფასებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ორი ქვეყნის მზაობას, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. მაღალი დონის შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატით გაიმართა, აშშ-ის მხრიდან - სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გენშტაბის ხელმძღვანელის თანაშემწე რიკი ვადელი და სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი მერი კისსელი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს