დავით ბაქრაძე - ჩიხიდან გამოსვლა არ არის გაყალბებულ პარლამენტში შესვლა

ჩიხიდან გამოსვლა არ არის გაყალბებულ პარლამენტში შესვლა, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „საქართველოში პოლიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ“.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის ჩიხიდან გამოსვლა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.

„ეუთო-ს დამკვირვებლების მხრიდან ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი პრაქტიკულად იგივეს იმეორებენ, რაც 31 ოქტომბერს თქვეს. სამწუხაროდ, წელს პანდემიამ შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც ეუთო-ც, ევროსაბჭოც და სხვა მისიებიც წარმოდგენილი იყვნენ ძალიან შეზღუდული მასშტაბით, დამკვირვებლების მცირე რაოდენობით, მცირე ლოკაციებზე და ცოტა ხნით. ამიტომ, სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად ფაქტობრივი მასალა ბევრად უფრო ნაკლები ჰქონდათ. ჩვენ ვაგრძელებთ ფაქტობრივი მასალის მიწოდებას. მაგალითად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნაში ბევრად უფრო წინ არის კრიტიკა წასული და ბევრად უფრო კრიტიკული შეფასებებია სწორედ იმ მასალების საფუძველზე, რომელსაც ისინი ახლა ეცნობიან. ჩვენ პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ.

რაც შეეხება ჩიხიდან გამოსვლას, დიახ, ქვეყანა ჩიხიდან უნდა გამოვიდეს, ოღონდ ჩიხიდან გამოსვლა არ არის უკანონობის დაკანონება. ჩიხიდან გამოსვლა არ არის გაყალბებულ პარლამენტში შესვლა. ჩიხიდან გამოსვლა ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება და გადაწყვეტაა, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა. თუ ქართველი ხალხი სამართლიან არჩევნებში მისცემს ნდობის მანდატს „ქართულ ოცნებას“, კი ბატონო, მაგრამ ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი და არა თამარ ჟვანიას. თამარ ჟვანიას მანდატიანი ხელისუფლების „გაპრავება“ არ არის არც ჩიხიდან გამოსვლა და არც ქართული სახელმწიფოს განვითარების გზა. ეს არის გზა სახელმწიფოს მიტაცებისკენ, რომელშიც ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“,-განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ოპოზიციის მხრიდან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნებისა და სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ამომრჩეველთა ნების დასაცავად საჭიროა პოლიტიკური ჩიხის გადალახვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს