არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი - მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე ძალიან ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით, ძირითადი ფოკუსი სასამართლოზე იყო

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და პროტოკოლით 35 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

"უფლებები საქართველოს" წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ " ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა იყო სასამართლოში არსებული პრობლემა.

"ანუ ის, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის კარგ მდგომარეობაში და ეს გახდა ძალიან დიდი პრობლემა, ვინაიდან ჩვენ გვყავს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები და 30 წლით დაკანონებული სისტემა, რომელიც არის არასწორად ნაშენები, არის მახინჯი სისტემა, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან და ჩვენ დავაკანონეთ. ეს არის ძალიან ძნელი შესაცვლელი და პოლიტიკური ნება სჭირდებათ. ძალიან ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით, კერძოდ საარჩევნო დავებზე, თუ როგორ იქცევა სასამართლო ხშირად მიკერძოებულად. მისი მხრიდან იყო შეკითხვები სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს იყო ზოგადი ხასიათის შეკითხვები და ჩვენ ჩვენი ინფორმაცია, ცოდნა და შეხედულებები მივაწოდეთ. ძირითადი ფოკუსი მაინც სასამართლოზე იყო. არ გვისაუბრია არჩევნების გაყალბებაზე, შეხვედრის თემა იყო კანონის უზენაესობა და სასამართლო ხელისუფლება. არ შევხებივართ უმცირესობების უფლებებს, პატიმრების უფლებების და ა.შ. სულ ნახევარი საათი იყო შეხვედრა. ვესწრებოდით 6 არასამართავრობო ორგანიზაცია.

რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, კარტოგრაფების საქმე და ანაკლიის პორტის საკითხი დაისვა როგორც მაგალითი, თუ როგორ ვერ დაიჭირა სასამართლომ ნეიტრალური პოზიცია", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

შეხვედრის მოდერატორი აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იყო.

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ის დღეს შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. თბილისიდან ის ისრაელში გაემგზავრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა