სტუ-ის მაგისტრანტი-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების წვლილი ჩემს წარმატებაში უზარმაზარია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა დაჩი ოქროპირიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევით ცენტრში, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში სტაჟირების პროგრამა წარმატებით გაიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის მაგისტრანტმა 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის პარლელურად, თვენახევრის განმავლობაში, გერმანიაში, იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში Cooler Synchrotron (COSY) ამაჩქარებელზე მიმდინარე ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორების წვლილი ჩემს წარმატებაში უზარმაზარია, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა სხვა რეალობაში მსგავსი გზის ასე მოკლე დროში გავლა“, - ამბობს დაჩი ოქროპირიძე.

აღსანიშნავია, რომ დაჩი ოქროპირიძემ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამა 2020 წელს დაასრულა და სწავლა მაგისტრატურაში სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით განაგრძო. მანამდე, 2019–2020 სასწავლო წელს, ის „ქართულ-გერმანული ხიდის“ ფარგლებში განხორციელებული ორი პროექტის, მათ შორის იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ერთთვიანი გაცვლითი პროგრამის მონაწილე იყო. თუმცა იულიხის კვლევითი ცენტრის სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობით მან აბსოლუტურად განსხვავებული გამოცდილება მიიღო. როგორც ამბობს, მან თვენახევრიანი სტაჟირების პროგრამით პრაქტიკული სამუშაოები გაიარა, რაც მაგისტრანტისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.

„იულიხის კვლევით ცენტრში ჩემი ვიზიტი პირველი არ იყო. ჯერ კიდევ ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით იულიხის კვლევითი ცენტრის სამედიცინო ფიზიკის ინსტიტუტში აღმოვჩნდი. იმის შემდგომ, რაც გამოვხატე ნაწილაკების ფიზიკისა და ამაჩქარებლების მიმართ ინტერესი, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში მიმიწვიეს. ამავე წელს ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე და სწავლის დაწყების პარალელურად, კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი გერმანიაში. წინა ვიზიტისგან განსხვავებით, როდესაც პრაქტიკული სამუშაოები, ძირითადად, COSY ამაჩქარებელზე ქართული ჯგუფის მიერ შექმნილი JEPO (Julich Electric Dipole Moment Polarimeter) დეტექტორის გაუმჯობესებას გულისხმობდა. ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა უშუალოდ ეხებოდა ამაჩქარებლის ოპერირებას ექსპერიმენტის ფარგლებში. ეს აბსოლუტურად სხვა რანგის გამოცდილებაა. მასშტაბები რომ წარმოგიდგინოთ, COSY ამაჩქარებელი მრავალმილიონიანი პროექტია, ხოლო თითოეული ექსპერიმენტი, რომელიც ამ ამაჩქარებელზე ხორციელდება, დამატებით რამდენიმე მილიონი ევროს ბიუჯეტს გულისხმობს. ამაჩქარებლის ობიექტი და მისი დამხმარე შენობა-ნაგებობები თუ დანადგარები, როგორიც არის მაგალითად ციკლოტრონი, რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრს იკავებს. ობიექტების სრულფასოვან ოპერირებას კი ათეულობით (თუ არა ასეულობით) ინჟინერი თუ მეცნიერი ემსახურება“, - აღნიშნავს დაჩი ოქროპირიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი გერმანიაში მიღებულ გამოცდილებაზე დეტალურად საუბრობს. როგორც დაჩი ოქროპირიძე აღნიშნავს, მსგავს პროგრამაში მონაწილეობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. „დანადგარის მუშა მდგომარეობაში დატოვებისას, ყოველი წუთი უზარმაზარ ფინანსური თუ ენერგეტიკული რესურსის გახარჯვას გულისხმობს, ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელიც დაახლოებით, 1- 2 თვე გრძელდება, დგინდება გრაფიკები და იწერება დანადგარის 24-საათიანი ოპერირების გეგმა. ინსტიტუტის მუდმივი და მიწვეული პერსონალი კი ინაწილებს „ცვლის განრიგს“. პანდემიის პირობებში დღის მანძილზე დაიგეგმა სამი ცვლა. თითოეულ ცვლაში ერთი ან ორი ადამიანი მუდმივ რეჟიმში ახდენდა პარამეტრების ცვლილებას, მონაცემების შეგროვებასა და პასუხისმგებელი იყო დანადგარის ოპერირებასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებზე. მსგავსი ტიპის გამოცდილება, პირველ რიგში, გულისხმობს უზარმაზარ პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, პრაქტიკაში გავეცანი ამაჩქარებლის შემადგენელი კომპონენტების მუშაობის პრინციპებს, პარამეტრების მოდიფიკაციას, მონაცემების შეგროვებას და ექსპერიმენტული ფიზიკისათვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებს“, - ამბობს სტუ-ის მაგისტრანტი.

როგორც დაჩი ოქროპირიძე განმარტავს, მის წარმატებაში სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლების როლი და ხელშეწყობა უზარმაზარია. მისივე განმარტებით, რომ არა უნივერსიტეტის მეცნიერთა წვლილი, მისთვის უმოკლეს ვადაში ასეთი პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების წვლილი ჩემს წარმატებაში უზარმაზარია. პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა სხვა რეალობაში მსგავსი გზის ასე მოკლე დროში გავლა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო პროფესორ ქეთევან კოტეტიშვილის ღვაწლი ზოგადად სტუდენტებისა და ჩემს წარმატებაში. მისი კონტაქტებისა და ინიციატივების წყალობით, ყოველწლიურად რამდენიმე სტუდენტს ეძლევა შანსი საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს და ფართო პერსპექტივაში შეხედოს მეცნიერებას. აღსანიშნავია იულიხის კვლევით ცენტრში მოღვაწე ქართველი მეცნიერების - ანდრო კაჭარავას და ირაკლი ქეშელაშვილის დიდი წვლილი მომავალი ქართველი ფიზიკოსების წარმატებაში“, - ამბობს დაჩი ოქროპირიძე.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს ყოველწლიურად ეძლევათ შესაძლებლობა, სამეცნიერო სტაჟირება გერმანიაში, იულიხის კვლევით ცენტრში გაიარონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს