დავით ბაქრაძე - ვფიქრობ, მოვახერხებთ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან გვქონდეს შეჯერებული და კოორდინირებული მუშაობა - ვისაუბრებთ უმძიმეს დარღვევებზე, რამაც კრიზისი შექმნა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე იმსჯელებს არა მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, არამედ ქვეყანაში შექმნილ შიდა პოლიტიკურ კრიზისზე. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ ცესკო-სა და სასამართლოს ხელით დაკეტა ყველა კარი, რომ არჩევნების შედეგები სამართლებრივად გადასინჯულიყო.

ბაქრაძის თქმით, პარლამენტში არშესვლის თაობაზე გადაწყვეტილება უცვლელია.

„გარდა ტრადიციული საკითხებისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და ნატო-ში გაწევრიანება, ბუნებრივია, განხილვის მთავარი თემა იქნება შიდა პოლიტიკური კრიზისი. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ქვეყანაში არის კრიზისი, ნდობის დეფიციტი და ყველა ნორმალურ დემოკრატიაში, კრიზისისა და ნდობის დეფიციტის გადასალახად იმართება ახალი არჩევნები ხალხის მანდატის მისაღებად. გავაცნობთ ჩვენს სტუმარს ჩვენს პოზიციას, მოვისმენთ მათ არგუმენტებს და ვფიქრობთ, ნამდვილად მოვახერხებთ, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან გვქონდეს შეჯერებული და კოორდინირებული მუშაობა. პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება. ის, რომ არჩევნებზე იყო უმძიმესი დარღვევები, დადასტურებულია მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. რამდენად მისაღებია ასეთი დარღვევების პირობებში, პარლამენტის ლეგიტიმაცია, ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების გადასაწყვეტი. ამიტომ, ვისაუბრებთ იმ უმძიმეს დარღვევებზე, რამაც შექმნა კრიზისი, რამაც შეუძლებელი გახადა ოპოზიციის პარალმენტში შესვლა, რადგან პარლამენტში არშესვლა არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი არჩევანი იქნებოდა ნორმალური არჩევნების ჩატარება, პარალმენტში შესვლა და თუნდაც წაგების აღიარება, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო, ოღონდ ნორმალურ არჩევნებში. თუმცა, რაც მოხდა, შეუძლებელი გახადა ამ გზის გავლა. ჩვენი ერთ-ერთი არგუმენტი იქნება სწორედ ის, თუ რამხელა დარღვევები იყო. დღეს შეუძლებელია დარღვევების გადასინჯვა, რისკენაც ასევე მოგვიწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტი. შეუძლებელია მარტივი მიზეზის გამო, რადგან თამარ ჟვანიამ 6 დღის წინსწრებით მიიღო კომისიის შემაჯამებელი ოქმი. სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელზე და ყველა საჩივრის განხილვაზე. ცესკომ უარი თქვა დაახლოებით 800 უბნის შედეგების გადასინჯვაზე. ხელისუფლებამ ცესკო-სა და სასამართლოს ხელით დაკეტა ყველა კარი, რომ ეს შედეგები სამართლებრივად გადასინჯულიყო. თუ ჩვენ გვინდა ქვეყანაში სტაბილურობა, გამოსავალი არის ახალი არჩევნები გაზაფხულზე“,-განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს ხვდება. შეხვედრა „შერატონ მეტეხი პალასში“ ამ წუთებში მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს