ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციას შეუძლია დარჩეს ქუჩაში, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს - ხელისუფლების ცვლილებას ვახდენთ მაშინ, როცა ოპოზიციისა და დასავლელი კოლეგების შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა

ოპოზიციას შეუძლია დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს - ხელისუფლების ცვლილებას ვახდენთ მაშინ, როცა ოპოზიციისა და ჩვენი დასავლელი კოლეგების შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ოპოზიცია სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას არ გაითვალისწინებს, რაიმე შედეგის მიღწევა გაუჭირდება და მხოლოდ არასტაბილურობის განცდას შექმნის. როგორც ძაბირაძე ამბობს, გაცილებით მომგებიანი იქნება ბრძოლა პარლამენტს შიგნით.

„მსგავს შეფასებებს ველოდი, ეს არ არის ახალი პოზიცია, აშშ-ის საელჩოს პოზიცია, ისევე როგორც ეუთოს დამკირვებელთა პოზიცია კარგა ხანია ცნობილია. შესაბამისად, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საგარეო ლეგიტიმაცია უკვე აქვს იმ დარღვევებით, რაც იყო. მოწოდება ოპოზიციისთვის, რომ პარლამენტში შევიდეს, არც ეს არის მოულოდნელი და ფაქტობრივად, სწორი მოწოდებაა, რადგან პარლამენტიდანაც შეიძლება და პარლამენტიდან უფრო ეფექტური იქნება გადაწყვეტილებების მიღებაც და ბრძოლაც იმ კანონების შესაცვლელად, რასაც თავად ოპოზიცია ითხოვს. ოპოზიციას შეუძლია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე თქვას უარი და დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელისუფლების ცვლილებას ჩვენდა სამწუხაროდ ვახდენთ მაშინ, როცა ოპოზიციისა და ჩვენი დასავლელი კოლეგების შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს და გვინდა თუ არ გვინდა, არჩევნების ლეგიტიმურობას მაინც განსაზღვრავს ჩვენი დასავლელი კოლეგების და პარნტიორების შეფასება. თუ ამას ოპოზიცია არ გაითვალისწინებს და ქუჩაში დარჩება, დიდი ალბათობით რაიმე შედეგის მიღწევა გაუჭირდება და ქვეყანაში მხოლოდ არასტაბილურობის განცდას შექმნის.

ოპოზიციას არავინ უშლის ქუჩის აქციების გაგრძელებას, პარლამენტში იქნება თუ არა, მას შეუძლია ორივე ფრონტზე ერთდროულად იბრძოლოს. ეს გაცილებით მომგებიანი მგონია, ვიდრე მხოლოდ ქუჩიდან წარმატების მიღწევის მცდელობა. თუ ოპოზიციას არ ექნება საგარეო მხარდაჭერა, წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება.

გასაგებია, რთული ვითარებაა, მაგრამ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე ოპოზიცია, რომელიც შევა პარლამენტში“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, წინა არჩევნების მსგავსი დარღვევები დაინახეს, მათ შორის, მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს. "ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა