ხათუნა ბურკაძე - აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერით საქართველოს ნატო-ში წევრობა დასაჩქარებელია

საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა დასრულდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს ვიზიტი საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ს წარმავალი ხელისუფლებაა, პომპეოს თბილისში ვიზიტის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე, განსაკუთრებით კავკასიაში შეცვლილი რეალობის ფონზე საკმაოდ ბევრი ითქვა, მაგრამ, ახლა როცა ვიზიტი დასრულებულია, მის შედეგებზე საუბარი უფრო საგნობრივად შეიძლება.

ზოგადი შეფასებით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით პომპეოს თბილისში გამართული შეხვედრების შედეგებს?

- პანდემიის ფონზე, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ცალსახად მიანიშნებს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მტკიცეა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერით შეძლებს გამოწვევებთან გამკლავებას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს არაერთი პრიორიტეტული საკითხი, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უმძიმესი ვითარების განხილვა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს.

აშშ-სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ცალსახად მიანიშნებს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მტკიცეა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერით შეძლებს გამოწვევებთან გამკლავებას

ასევე, მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში ამერიკის როლის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე. პრაქტიკულად ვიზიტის შედეგად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულება.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობა, მათ შორის საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა.

საბოლოო ჯამში, პომპეოს ვიზიტი არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

პომპეოს ვიზიტი არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია

ამერიკის შეერთებულ შტატებთან მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას მიაღწიოს მის მიზნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ კავშირებს.

- აღარავინ დავობს, რომ ყარაბაღში დასრულებული ომის შემდეგ რეგიონში ვითარება შეცვლილია. მეტიც, საქართველოს საფრთხეეები მნიშვნელოვნად გაზრდილია და შესაბამისად ქვეყნისთვის ახლა ერთ-ერთი აქტუალური თემაა ის, თუ რამდენად სტაბილური ვითარება იქნება საქართველოში.

31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მდგრადი პერსპექტივის თვალსაზრისით მაინცადამაინც კარგი ვითარება არ გვაქვს, მაგრამ ბევრს არ გაკვირვებია ის, რომ თბილისში ყოფნისას პომპეო ოპოზიციის ლიდერებს არ შეხვედრია.

ოპოზიცია რუსთაველის პროსპექტზე გამართული აქციით შეეცადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ ფაქტია, იგი მათ არ შეხვედრია. თუმცა მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ოპოზიცია სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა. ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში თუ პოლიტიკური კრიზისი არაა, ქვეყნის თანმიმდევრულად და ეფექტურად განვითარებისთვის აშკარად არამდგრადი ვითარება გვაქვს.

თქვენი დაკვირვებით საშინაო პოლიტიკაში შექმნილი ვითარებიდან ოპტიმალური გამოსავალი სავარაუდოდ რა, ან როგორი შეიძლება იყოს?

- თქვენ მართებულად აღნიშნეთ, რომ რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეპიდვითარება საკმაოდ დამძიმებულია, რაც მოითხოვს ერთობლივი ძალისხმევით ურთულეს გამოწვევასთან გამკლავებას. ამ ვითარებაში შესაბამისი ინსტიტუციების სტაბილურ ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შესაბამისად, საშინაო პოლიტიკაში შექმნილი ვითარების გადაწყვეტის ოპტიმალური გამოსავალი გულისხმობს მოლაპარაკებების გზით ისეთი კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ყველა მხარის კანონიერ ინტერესს გაითვალისწინებს.

საშინაო პოლიტიკაში შექმნილი ვითარების გადაწყვეტის ოპტიმალური გამოსავალი გულისხმობს მოლაპარაკებების გზით ისეთი კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ყველა მხარის კანონიერ ინტერესს გაითვალისწინებს

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურ გარემოში განვითარება, რაც გულისხმობს სამართლებრივი და საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებას, განსაკუთრებით საპარლამენტო ინსტრუმენტები იძლევა საკანონმდებლო დონეზე ისეთი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას, რომლითაც შეიძლება არსებული ხარვეზების მომავალში აღმოფხვრა.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები.

როგორია ამ დოკუმენტის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით და რა პრიორიტეტულ მიმართულებებს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია?

- 2009 წლის 9 იანვარს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის მტიცე პოლიტიკურ საფუძველს. აღნიშნული დოკუმენტის მიზანია მხარეებს შორის გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა საკვანძო მიმართულებით. იგი ეფუძნება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერის პრინციპებს, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორიენტირებულია ოთხ საკვანძო სფეროზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, დემოკრატიის გაძლიერება, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული პროგრამები.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორიენტირებულია ოთხ საკვანძო სფეროზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, დემოკრატიის გაძლიერება, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული პროგრამები

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თანახმად, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება წარმოადგენს როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს.

ამ მიზნის მისაღწევად ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც გულისხმობს საქართველოს ნატოს წევრობისთვის მომზადებას.

ასევე, აღნიშნული დოკუმენტი ხაზს უსვამს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის თანახმად საქართველომ ალიანსისგან პოლიტიკური დაპირება მიიღო, რომ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ქარტია ითვალისწინებს ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობას. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის მხარეები სწავლობენ საქართველოს ენერგეტიკული პროდუქციის ზრდის შესაძლებლობებს და საქართველოდან ევროპული ბაზრებისკენ ენერგომატარებლების ტრანზიტის ფიზიკურ უსაფრთხოებას განამტკიცებენ.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მათ შორის სამართლის უზენაესობას, ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

დოკუმენტი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროებში ითვალისწინებს გაცვლითი პროგრამების განვითარებას, რაც ქართველ სტუდენტებს, მკლევარებს აძლევს წვდომას განათლებისა და მეცნიერების თანამედროვე რესურსებზე.

2019 წლის 11 ივნისს აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლის იუბილე, აშშ-მა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულება და მეგობრობის მთავარი პრინციპები. ასევე, მიღებულ იქნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია ასახავს და მიმოიხილავს ყველა ძირითად მიმართულებას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ხალხთაშორის ურთიერთობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თვისობრივად ახალ დონეზე გადადის.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელიც აყალიბებს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს შემდგომი წლებისათვის.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელიც აყალიბებს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს შემდგომი წლებისათვის

კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, გაგრძელდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რათა საქართველოს ჰყავდეს ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები.

დოკუმენტის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მიიჩნევენ, რომ ძლიერ და მდგრად საქართველოს ყველაზე უკეთ შეუძლია რუსეთის აგრესიული ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

მხარეები თანხმდებიან, რომ მდგრადი და პლურალისტული დემოკრატია, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა აუცილებელია საქართველოს განვითარებისა და გამოწვევებთან გასამკლავებლად. ასევე, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში.

- როგორც უკვე აღინიშნა, რეგიონში უსაფრთხოების გარემო შეცვლილია.

2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით მთიანი ყარაბაღი მხარეთა დაშორიშორების ხაზზე და ლაჩინის კორიდორში განლაგდება 1960 რუსი სამხედრო მოსამსახურე, რაც რეგიონში ცვლის ძალთა ბალანსს.

აღნიშნულის ფონზე აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ ისურვებდა საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურის ნახვას, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდასაჭერად.

როგორ ფიქრობთ, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როგორ უნდა განვითარდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა?

- ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოს უსაფრთხოების სფეროს რეფორმირების მხარდასაჭერად.

ამ ეტაპზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება მოქმედებს, რომელსაც 2016 წლის 6 დეკემბერს ხელი მოეწერა და 2019 წლის 21 ნოემბერს განახლდა.

ორმხრივი თანამშრომლობის მთავარ მიმართულებებად ჩამოყალიბდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარება და საქართველოს გადასროლის პროგრამა (მტკიცე მხარდაჭერის მისია).

აღნიშნული პროგრამები და ხელშეკრულებაში მოცემული სხვა აქტივობები მხარს უჭერენ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის გაუმჯობესებას.

მიუხედავად ამისა, დღეს რეგიონში შექმნილი ვითარება მოითხოვს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების მეტად განვითარებას, მათ შორის კიბერთავდაცვის მიმართულებით. ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია ახალი ინიციატივების შემუშავება თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

რეფორმების გაგრძელებისა და ასევე, ახალი პროექტების განვითარების შედეგად, ჩვენ უნდა შევძლოთ, თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, საფრთხეების შეკავება და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება

შესაძლოა დაიწყოს დისკუსია ერთობლივი ამერიკულ-ქართული ცენტრის შექმნაზე, რომლის მიზანი იქნება ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესაძლებლობების განვითარება და სიტუაციურ სცენარებზე მორგებული აქტივობების განხორციელება.

შესაბამისი რეფორმების გაგრძელებისა და ასევე, ახალი პროექტების განვითარების შედეგად, ჩვენ უნდა შევძლოთ, თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, საფრთხეების შეკავება და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება.

- მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აგრძელებს, ამ ეტაპზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტია ჯოზეფ ბაიდენი.

როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დემოკრატი პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში?

- საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. აშშ-ს სტრატეგიული ინტერესები რეგიონში არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელი პარტიის კანდიდატი იქნება თეთრ სახლში. ორპარტიული კონსენსუსის საფუძველზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაღრმავოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის პირობებში.

აშშ-სტრატეგიული ინტერესები რეგიონში არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელი პარტიის კანდიდატი იქნება თეთრ სახლში. ორპარტიული კონსენსუსის საფუძველზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაღრმავოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის პირობებში

ამასთანავე, უდავოდ, დასაფასებელია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტში, იგივე კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში (Consolidated Appropriations Act), 2017-18-19 ფისკალური წლების მსგავსად, კვლავ შენარჩუნებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერი.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობები, ან რამე სახით მოახდინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა.

ამასთანავე, 2019 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (Georgia Support Act). ასევე, მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაღრმავდა ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ოთხივე მიმართულებით.

რაც შეეხება ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, არჩეულ პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, რომელიც თითქმის ნახევარსაუკუნეს ითვლის. ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს კარგად იცნობს. ის ჩვენს ქვეყანაში ორჯერ არის ნამყოფი, 2008 და 2009 წლებში. მეტიც, ბაიდენი გახდა საქართველოსთვის ერთმილიარდიანი დახმარების გამოყოფის ინიციატორი.

2009 წელს ჯოზეფ ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის რანგში სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხალხებმა თვითონ უნდა აირჩიონ პარტნიორები, თვითონ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგია მეცხრამეტე საუკუნის ცნებების, გავლენის სფეროების ადგილი არ არის 21-ე საუკუნეში. ასევე, მან გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, თუ გავაანალიზებთ 2020 წლის გაზაფხულის პერიოდში ჯოზეფ ბაიდენის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ასახულია მისი ხედვა ამერიკის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, მკაფიოდ დავინახავთ, რომ ის მხარს უჭერს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით ერთიანი კოლექტიური აქტივობების განხორციელებას და გლობალური გამოწვევების დაძლევას.

ბაიდენი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნატო ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია.

ყოველივე ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს.

მით უფრო, რომ გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა და შესაბამისად არსებული მდგომარეობა მოითხოვს გარდამტეხ ცვლილებებს, განსაკუთრებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. სამხრეთ კავკასიაში არსებული დღევანდელი ვითარება საჭიროებს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების შექმნას და მისი გასაღები ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაშია.

სამხრეთ კავკასიაში არსებული დღევანდელი ვითარება საჭიროებს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების შექმნას და მისი გასაღები ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაშია

ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერით საქართველოს ნატოში წევრობა დასაჩქარებელია, რაც ხელს შეუწყობს ძალთა ბალანსის უზრუნველყოფას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის, არამედ შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში.

ამ პროცესის გარეშე კი წარმოუდგენელია ვისაუბროთ თავისუფალი, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირების ეფექტიან დასრულებაზე.

რეგიონში არსებული გამოწვევები ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ სანდო პარტნიორია, არამედ მოკავშირეა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებების დაწყება.

რეგიონში არსებული გამოწვევები ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ სანდო პარტნიორია, არამედ მოკავშირეა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებების დაწყება

საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე მდებარეობს, რაც ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე მიანიშნებს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც ამერიკული ინვესტიციების, ასევე ამერიკელი ტურისტების ზრდას.

საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე მდებარეობს, რაც ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე მიანიშნებს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც ამერიკული ინვესტიციების, ასევე ამერიკელი ტურისტების ზრდას

ეს პროცესი კი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. ასევე, ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების გასავითარებლად აუცილებელია პირდაპირი ავიამიმოსვლის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, სასურველია სავიზო პროცედურების გამარტივება.

ცხადია, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება კვლავაც დარჩება სტრატეგიული თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო თემად, რადგან ჯერჯერობით საქართველოს დემოკრატია რეფორმების გაგრძელებას საჭიროებს. ყოველივე ეს საქართველოს მისცემს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების რეალურ შესაძლებლობებს, რომლის წარმატებით დასრულება ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მყარ, ღირებულებით ფუნდამენტს შექმნის.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი“

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ