ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს საფრთხე აღარ ემუქრება

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტებმა XIII საუკუნის ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მიუხედავად რთული და ხანგრძლივი პანდემიური პერიოდისა ამ დროისთვის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ყველა გადაუდებელი სამუშაოები ჩატარებულია. სპეციალისტების შეფასებით, ძეგლი მკაცრ ზამთარს ამჯერად „მომზადებული“ ხვდება, ასევე მონასტერში წყლის ჩადინების შეწყვეტის შედეგად საფრთხე აღარ ემუქრება კედლის მხატვრობასაც.

ფიტარეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები “საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით 2018 წლიდან დაიწყო, მათივე მოთხოვნით 2019 წელს ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსზე ჩატარდა ქვისა და კედლის მხატვრობის კვლევა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ძეგლის უმძიმესი მდგომარეობა (დაწყებულია ქვის დაშლის პროცესი, განადგურების პირასაა კედლის მხატვრობა), დროული ჩარევის გარეშე ძეგლის დანგრევის საფრთხე რეალური იყო.

2020 წლიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების მორიგი ეტაპის დაწყებამდე „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით აღდგენილია სოფელ ტანძიიდან მონასტრამდე მისასვლელი გზა, დასრულდა სამონასტრო კომპლექსის გალავნისა და XV-XVI საუკუნის ბიბლიოთეკის პროექტირებაც, გუმბათზე ჩატარდა ქვისა და კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები. წლის ბოლომდე დასრულდება მონასტრის გადახურვის პროცესიც. იმის გამო, რომ ძეგლის სრული რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია და მუშაობა მეტწილად რთულ კლიმატურ პირობებში მიმდინარეობს უკვე მოეწყო რესტავრატორების მუდმივი საცხოვრებელი ბაზა.

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება მომავალ წელსაც, კონსულტაციების შედეგად ასევე იგეგმება „ხრამის ხეობის“ კიდევ ერთი ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ხულუტის ციხის გაწმენდა-გამაგრებითი სამუშაოები.

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კერძო კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით.

„საყდრისის კომიტეტი“ 2017 წლიდან იცავს და მონიტორინგს უწევს სამშვილდეს, სათხის და ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს და ხულუტის ციხეს.

ინფორმაციას „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის