ზაალ უდუმაშვილი პრემიერის განცხადებაზე - ჯერ საკუთარი პასუხისმგებლობა გაეაზრებინათ, ვიდრე ქვეყანას ამ კრიზისულ ვითარებაში შეიყვანდნენ

როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, ჯერ საკუთარი პასუხისმგებლობა გაეაზრებინათ, სანამ ქვეყანას ამ კრიზისულ ვითარებაში შეიყვანდნენ, - ასე გამოეხაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, სადაც ის არჩევნების მეორე ტურსა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

უდუმაშვილის განცხადებით, ქართველი ამომრჩევლისადმი უპატივცემულობა მმართველმა გუნდმა გამოიჩინა.

„მათ რომ პატივი ეცათ ამომრჩევლის ნებისთვის, ეს შედეგი, რაც დღეს გვაქვს, არ იქნებოდა. თუ ვინმემ გამოიჩინა უპატივცემულობა და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ამომრჩეველს, ეს არის „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და გახარია“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან დიალოგს, უდუმაშვილი იმედოვნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ გონივრული წინადადება ექნება.

„ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გონივრული წინადადება იქნება. ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ეს უპირველეს ყოვლისა, ეხება ხელისუფლებას. ეს წინადადებები შეიძლება იყოს დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ ახალ არჩევნებთან, სხვადასხვა მოდელზე შეიძლება საუბარი, რა იურიდიული ფორმა მიეცემა, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

კითხვაზე, ცესკოს შემადგენლობის ცვლილების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა, ოპოზიცია რაიმე სახის კომპრომისზე წავიდეს, უდუმაშვილი ამბობს, რომ ეს არ განიხილება.

„ცესკოს შემადგენლობის შეცვლა არ ცვლის შედეგს, რომელიც უკვე დაწერა ცესკომ, შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ხალხს მიეცეს საშუალება თავისუფლად და გამჭვირვალედ გამოხატოს ნება, რა თქმა უნდა, ცესკოს შემადგენლობის ცვლილებასთან ერთად“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, თითოეული პოლიტიკური გაერთიანება და თითოეული დეპუტატი იაზრებს პასუხისმგებლობას და ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს და იმ პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა