ანრი ოხანაშვილი - გარკვეული საკითხებია, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილება, რაც ამ ეტაპზე, შესაძლოა არ გაჟღერდეს, მაგრამ ეტაპობრივად შეიტყობთ

არის გარკვეული საკითხები, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილება, რაც ამ ეტაპზე, შესაძლოა არ გაჟღერდეს, მაგრამ ამას ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, შეიტყობთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

ოხანაშვილის თქმით, არჩევნებზე 930 ათასმა მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა “ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე სწორედ “ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული. მისივე აზრით, საზოგადოებისთვის ახლა უმთავრესი მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, ხოლო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ლეგიტიმური და ის შედგა.

ოხანაშვილი დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი, რომელმაც პატარა, ახალგაზრდა პარტიებს დაუჭერა მხარი, იმედგაცრუებულია.

“მათ ეგონათ, რომ ამ პარტიების პარლამენტში ყოფნას დაუჭირეს მხარი, რომ ისინი ყოფილიყვნენ მათი ხმა საქართველოს პარლამენტში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ მხარი “ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაუჭერიათ. სამწუხარო ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ამ ჯგუფებს საკუთარი დღის წესრიგით ატარებს და მათ აქვთ ტესტი ჩასაბარებელი როგორც საკუთარი ამომრჩველის, ასევე დასავლელი პარტნიორებისა და ქვეყნის დემოკრატიის წინაშე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ სცენარი რევოლუციის მოწყობაზე გადიოდა, რაც არჩევნებამდე იყო ცნობილი. მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ 2003 წლის სცენარის გათამაშება უნდოდა, რაც არ გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვა, რადგან დიდი ხანია რევოლუციური სცენარი წარსულს ჩაბარდა.

“ჩვენ, ერთი მხრივ, ზურგს ჩვენი ამომრჩეველი გვიმაგრებს, რომელიც ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს, თუ ვის რა ინტერესი აქვს. ასევე ზურგს გვიმაგრებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. სწორედ ამის დასტური იყო საქართველოში პომპეოს ვიზიტი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები და ის განცხადებები, რომელიც ეუთოს, სადამკვირვებლო მისიებისა და აშშ-ს საელჩოს მხრიდან გაკეთდა, რომ ყველა მოემზადოს, ერთი მხრივ, არჩევნების მეორე ტურისთვის და მეორე მხრივ, პარლამენტში შესვლისთვის, რათა იქ მოხდეს პოლიტიკური პაექრობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს