დიმიტრი გვრიტიშვილი - ნაზიბროლა ჯანეზაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ყველას - გუშინ დანიშნულ 36-ვე ღირსეულ მოსამართლეს

ნაზიბროლა ჯანეზაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ყველას - გუშინ დანიშნულ 36-ვე ღირსეულ მოსამართლეს, მათი დანიშვნა გაურკვეველ "კლანურ გადაწყვეტილებებს" დაუკავშირა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

გვრიტიშვილი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს მოუწოდებს, მოსამართლეების შეურაცხყოფას თავი დაანებოს, საკუთარი კანონისმიერი ვალდებულება შეასრულოს და სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებაზე, მისი რეპუტაციის დაცვაზე იზრუნოს.

„მინდა გამოვეხმაურო ნაზიბროლა ჯანეზაშვილის შეფასებებს მოსამართლეობის კანდიდატთა გუშინდელ კონკურსთან დაკავშირებით.

1. განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2 წლის განმავლობაში არ აცხადებდა კონკურსს, ეს არის ტყუილი. წინა კონკურსი დასრულდა 2019 წლის 24 მაისს; გუშინ დასრულებული კონკურსი კი გამოცხადდა 2020 წლის 26 ივნისს. ანუ, წყვეტა არის ერთი და არა ორი წელი. ამ ერთწლიან წყვეტასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი, ისტორიული პროცედურის ორგანიზება, რომელიც სწორედ 2019 წლის 1 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან დაიწყო და რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდებოდა; ამას მოჰყვა ახალ კორონავისრუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 2020 წლის იანვრიდან, მარტიდან 23 მაისამდე ქვეყანაში საერთოდაც, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ჯანეზაშვილმა, მაგრამ ტყუილი მისი ცხოვრების წესია, როგორც ჩანს.

2. განაცხადა, რომ სასამართლო არის ჩაკეტილი სისტემა, იურიდიული წრეებიდან არის ნაკლები ინტერესი სასამართლოს კონკურსებში მონაწილეობის თვალსაზრისით; რომ გუშინდელი კონკურსის შედეგად დაინიშნენ მხოლოდ ,,კლანისათვის" მისაღები პირები და რომ თამარ ღვამიჩავა, რომელიც ირაკლი შენგელიას ნათესავია, უსიტყვოდ გვეთანხმება მოსამართლე წევრებს ყველაფერში. ისევ ტყუილები და შეთქმულების თეორიები. რეალობა სულ სხვა და მარტივია: სასამართლო ღიაა ყველა კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრისთვის. თუ ვინმეს დაინტერესება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნაკლებია, ალბათ იმიტომ, რომ არ აქვთ საკუთარი თავის იმედი - დააკმაყოფილებენ თუ არა, კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ანდაც, არ უღირთ კერძო სექტორიდან სასამართლოში სამუშაოდ გადმოსვლა, რადგან პასუხისმგებლობაც განუზომლად დიდია და იციან, რომ ასევე მოუწევთ ჯანეზაშვილისნაირი სუბიექტებისგან უსაფუძვლო თავდასხმების, ცილისწამებების მოსმენა. ჯანეზაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, გუშინ დანიშნულ 36-ვე ღირსეულ მოსამართლეს, დაუკავშირა რა მათი დანიშვნა გაურკვეველ ,,კლანურ გადაწყვეტილებებს".

დღემდე ვერ გავიგე, სად არის ეს ტრანსცენდენტული ,,კლანი" და რატომ მიიჩნევა ის ასე ყოვლისშემძლედ. რეალობა კი ისაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და მისი ობიექტური, მოსამართლეთა კორპუსისადმი კონსტრუქციულად განწყობილი არამოსამართლე წევრები, მძიმე შრომის და ხშირად საკუთარი ღირსების შელახვის ფასადაც ვაღწევთ იმგვარ დადებით შედეგებს, რაც თუნდაც, გუშინდელმა კონკურსმა მოიტანა - 30 სრულიად ახალი მოსამართლე სისტემაში, რაც, რაღა თქმა, უნდა ხელს შეუწყობს საქმეთა სიმრავლის პრობლემის გადაჭრას, მაგრამ პრობლემების გადაჭრა ხომ ჯანეზაშვილს და მისნაირებს არ აინტერესებთ, პირიქით, პრობლემას იქ ეძებენ და ქმნიან, სადაც არ არის. მაგალითად, ჯანეზაშვილის ცნობიერების პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ის დასკვნა, რომ თურმე, 18 ნოემბერს, 12:00 საათიდან დაწყებული და 22:00 საათის შემდეგ დასრულებული, ჯამში 10 საათზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე კენჭისყრისას რამდენჯერმე, სულ რამდენიმე წუთით გამოცხადებული შესვენებები, რათა საბჭოს წევრებს და თავად ჯანეზაშვილსაც ცოტაოდენი განტვირთვის საშუალება მისცემოდათ, ყოფილა კონსულტაციები ,,კლანური გადაწყვეტილებების" მისაღებად. ირაკლი შენგელიას და თამარ ღვამიჩავას ნათესაობის თემაზე უკვე არაერთხელ გასცეს არგუმენტირებული პასუხები თავად მათვე. იმ ლოგიკით, რაზე დაყრდნობითაც ჯანეზაშვილი მათ ერთმანეთის ნათესავებად მიიჩნევს, თავად ჯანეზაშვილი და ირაკლი შენგელიაც ერთმანეთის ნათესავები გამოდიან. თუ თამარ ღვამიჩავას და საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევანი გუშინდელი კენჭისყრისას ერთმანეთს დაემთხვა, ამაში არაბუნებრივი და ,,კლანური" არაფერია: გასაუბრება კანდიდატებთან იყო ღია, სრული ინფორმაციაც კანდიდატების შესახებ საბჭოს წევრებისათვის იყო ხელმისაწვდომი, რის საფუძველზეც საბჭოს ობიექტურ წევრს უნდა მიეღო სწორედ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო გუშინ - დაფუძნებული კანდიდატთა დამსახურებაზე, მათი კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის დონის გათვალისწინებით.

მოვუწოდებ, ნაზიბროლა ჯანეზაშვილს - თავი დაანებოს ცილისწამებას, მოსამართლეების შეურაცხყოფას და შეასრულოს საკუთარი კანონისმიერი ვალდებულება - იზრუნოს სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებაზე, მისი რეპუტაციის დაცვაზე“, - აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო