მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს, აღნიშნული მექანიზმი მიმართულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებად განისაზღვრა: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება; სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება; მანქანების და მოწყობილობების (მანქანა-დანადგარები) ასევე მათი ნაწილების წარმოება; ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების/პროცესების აუთსორსინგი (BPO), რომელიც გულისხმობს საქართველოდან სხვა უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას/აუთსორსინგს; დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO).

ხელშეწყობის მექანიზმი, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად.

პროგრამაში მონაწილე საერთაშორისო კომპანია, ვალდებული იქნება არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა.

პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 კვირას შეადგენს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს