ზურაბ ჯაფარიძე - სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება - უნდა მოიტანონ პასუხი წინადადებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდაზე დადო

სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სადაც თბილისის მერის კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოხდეს.

„ამ განცხადების ზოგად პათოსს, რომ კრიზისიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, ვეთანხმები. ეროვნული ამოცანაა ეს, მართლა იმდენი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში. თუმცა, ამ წუთის მდგომარეობით, არცერთმა ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ - გვერდით გამოქვეყნებული შედეგებით, ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება. საბოლოო ჯამში, ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, მათ უნდა მოიტანონ პასუხი იმ კონსტიტუციურ წინადადებაზე, რომელიც ბოლო რაუნდში ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდაზე დადო. ეს პასუხი შეიძლება იყოს - კი, არა, შეიძლება იყოს - კი და მოჰყვებოდეს დათქმები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რამე გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს, ეს შეიძლება იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, მოლაპარაკების მაგიდაზე. ესე უპირობოდ, რომ მოდით ახლა ქვეყანას უჭირს და შემოდით პარლამენტში და მერე ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, კარგი ხალხი ვართ... ესეთი სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. სალაპარაკოა და მოლაპარაკების მაგიდასთანაა გადასაწყვეტი ეს კრიზისი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დღეს მიმართა.

„მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს - ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ“,- ნათქვამია კალაძის განცხადებაში, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო