არჩილ თალაკვაძემ, დავით ზალკალიანმა და ბექა ოდიშარიამ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას ონლაინ შეხვედრა გაიმართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დისტანციურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, იტალიაში, საბერძნეთისა და საფრანგეთის რესპუბლიკებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

„ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახლად არჩეული პარლამენტის და მთავრობის სამომავლო გეგმებზე, რომლის ძირითად მიმართულებას ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და განვითარება წარმოადგენს, რაც დადასტურდა ავტორიტეტული საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებით.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს და დიასპორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გზებსა და დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებზე მსჯელობის მიზნით, ონლაინ ფორმატში კვლავაც გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები, ვინაიდან, მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, ამ ეტაპზე სახელმწიფოს წარმომადგენლები მოკლებული არიან შესაძლებლობას გამართონ უშუალო შეხვედრები დიასპორასთან მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, კერძოდ ისაუბრა სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ვიზიტზე და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც წარმოადგენს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და მნიშვნელოვანია საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებთან ისაუბრა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიაზე, კერძოდ, სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე, რომელსაც საგარეო უწყება ახორციელებს დიასპორული ორგანიზაციებისა და თანამემამულეების მხარდასაჭერად.

მინისტრმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითი პროგრამებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს, დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, დაიწყება კიდევ ერთი ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების უზრუნველყოფას საცეკვაო კოსტიუმებითა და დასაკრავი ინსტრუმენტებით.

მინისტრმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო გასაჭირში მყოფი ემიგრანტების პრობლემების დასაძლევად გაწეული თანადგომისთვის.

შეხვედრაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა მათი საქმიანობისთვის, რაც მიზნად ისახავს მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ხელს შეუწყობს დიასპორაში მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივებისა და სიახლეების განხორციელებას“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა