კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კრებული - „საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში - ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისათვის (1990-1995)“ გამოსცა

მიმდინარე წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიერ გამოიცა კიდევ ერთი კრებული - „საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში - ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისათვის (1990-1995)“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის უნივერსიტეტიდან აცნობეს, კრებულში, რომელიც გამომცემლობა „უნივერსალში“ დაიბეჭდა, შესულია 475 პუბლიცისტური წერილი. მასალები მოძიებული და გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდიკის ფონდში დაცული ჟურნალ-გაზეთებიდან.

ამასთან, წარმოდგენილი პუბლიცისტური წერილები, ინტერვიუები, სამეცნიერო სტატიები, საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის სხდომათა, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი სტატიები მთლიანად ეხება 1990-1995 წლების საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმებს.

მათივე ინფორმაციით, კრებულში წარმოდგენილია ქართველი კონსტიტუციონალისტების, პოლიტოლოგების, პოლიტიკოსების, ისტორიკოსების, ჟურნალისტების, ენათმეცნიერების, ასევე, ქართული ინტელიგენციის ღვაწლმოსილ წარმომადგენელთა, საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმებში ჩართულ უცხოელ ექსპერტთა, ქართულ კონსტიტუციაზე ნაფიქრალი და მზრუნველი ყველა მოხალისის მოსაზრებები კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ საკითხებზე.

როგორც პროფესორი მინდია უგრეხელიძე კრებულის შესავალ წერილში აღნიშნავს, საინტერესო და საჭირო დოკუმენტაციის გაუჩინარება ინტენსიურად გრძელდება, ასევე გამქრალია კავკასიის ინსტიტუტის გაზეთი „Georgian Chronical“

„ამ ბოლო ხანს უამრავი დოკუმენტია დაკარგული. უფრო მეტიც, საერთოდ გამქრალია კავკასიის ინსტიტუტის გაზეთი „Georgian Chronical“, რომელშიც ინტენსიურად იბეჭდებოდა და შუქდებოდა ინფორმაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის მიერ გაწეული შესაბამისი მუშაობის შესახებ. ესოდენ საინტერესო და საჭირო დოკუმენტაციის გაუჩინარება ინტენსიურად გრძელდება. წინამდებარე გამოცემა რომ არა, მასში ასახული მასალაც მალე ხელმიუწვდომელი გახდებოდა. სწორედ ამან წარმოშვა კრებულის შედგენა-გამოცემის აუცილებლობა“ - აღნიშნავს პროფესორი მინდია უგრეხელიძე კრებულის შესავალ წერილში.

მათივე ცნობით, კრებულის შედგენაში მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი დიმიტრი ცანავას ხელმძღვანელობით. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია. კრებულის კონცეპტუალური გააზრება, შესავალი წერილი და სამეცნიერო რედაქცია ეკუთვნის პროფესორ მინდია უგრეხელიძეს.

„ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი მასშტაბური და სოლიდური კრებული - „კონსტიტუციონალიზმი - მიღწევები და გამოწვევები“ - 2019 წელს გამოქვეყნდა. ორივე გამოცემა ქართული კონსტიტუციონალიზმის უმნიშვნელოვანესი შენაძენია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა