„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ - ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს

ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს , - ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ხელისუფლების განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტი არ უყრის კენჭს ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნას; ვერ აიძულებს მანდატზე უარნათქვამ დეპუტატებს განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა; ამასთან, იწვევს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არაეფექტურ ხარჯვას და არ ემსახურება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტი კენჭს არ უყრის ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას, ჰგავს კონსტიტუციური ნორმებით მანიპულირების მცდელობას პარლამენტში მრავალპარტიულობის ილუზიის შესაქმნელად.

საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პარლამენტის წევრის პირადი განცხადება. პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 და მე-12 პუნქტების თანახმად, პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი (პარლამენტის წევრის განცხადება დაუყოვნებლივ გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ორი კვირის ვადაში ამზადებს დასკვნას და გადასცემს ბიუროს. ბიუროს საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში). ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. შესაბამისად, თუ საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე არ გაიტანს ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ, ეს შეაფერხებს მთლიანად პარლამენტის მუშაობას.

უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მანდატზე უარის თქმა არის პარლამენტის წევრის უფლება და მის ხელთ არსებული პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებას მას პარლამენტი ვერ შეუზღუდავს. შედეგად, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმით შეიქმნება პარლამენტში ოპოზიციური პარტიების არსებობის მხოლოდ ილუზია, როცა ოპოზიცია რეალურად არ იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში.

ამასთან, იმის მიუხედავად, მე-10 მოწვევის პარლემენტი შეუწყვეტს თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს უფლებამოსილებას, მათ მაინც შეეძლებათ ბოიკოტის გზით გამოეთიშონ საპარლამენტო პროცესებს. ასეთ შემთხვევაში, ფორმალურად პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ოპოზიცია, თუმცა ფაქტობრივად საკანონმდებლო ორგანო დარჩება ერთპარტიული. რეალური შედეგის თვალსაზრისით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ისევე არ იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, როგორც ეს მოხდებოდა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გარდა ამისა, მმართველმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება ავალდებულებს მმართველ პარტიას სულ მცირე, აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მაქსიმალურად ეცადოს კონსენსუსის მიღწევას. ბოიკოტზე პასუხი არ შეიძლება იყოს ბოიკოტის უგულებელყოფა.

„ამავდროულად, არსებულ რეალობაში პარლამენტის იმ წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმა, რომლებიც საკუთარი განცხადებით მოითხოვენ უფლებამოსილების შეწყვეტას, გამოიწვევს საბიუჯეტო თანხების არაეფექტურ ხარჯვას. თითოეული დეპუტატის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 000 ლარამდეა. 2020 წლის არჩევნების პირველი ტურის შედეგებით საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე უარს 59 ახალარჩეული წევრი აცხადებს. სახელისუფლებო პარტიის მიერ დეპუტათა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტის წევრებისთვის ყოველწლიურად ხელფასის სახით გადახდილი 3.5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით საბიუჯეტო დანახარჯს გამოიწვევს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის განცხადება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ ოპოზიციის წევრთა უფლებამოისილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ მმართველი პარტიის ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არ არის მიმართული პროტესტის განმუხტვისა და პოლიტიკური კრიზისის დასტაბილურებისაკენ, ვერ აზღვევს ერთპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების რისკს“,- ნათქვამია განცხადებაში.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტი, რაც არსებული კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს. ერთპარტიულობა პარლამენტის დეინსტიტუციონალიზაციასა და დელეგიტიმაციას გამოიწვევს, რაც მმართველ ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას სათანადოდ უპასუხოს ოპოზიციის ბოიკოტს - აწარმოოს რეალური დიალოგი და მიაღწიოს კონსენსუსს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან - რაც არის ბოიკოტის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის მიზანი დემოკრატიულ პროცესში.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს