„მრავალეროვანი საქართველო“ - დაფიქსირდა პარტიის კოორდინატორების მიერ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის მიზნით ამომრჩეველთა მობილიზებისა და რიგ შემთხვევებში, უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტები

საერთო სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანი საქართველო“ მეორე ტურის არჩევნების წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საარჩევნო ოლქებში, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ დაკვირვებას ახორციელებდა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდა.

მათივე ცნობით, მეორე ტური კონკურენციით არ გამოირჩეოდა, ვინაიდან ოპოზიციურმა კანდიდატებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

„დაფიქსირდა პარტიის კოორდინატორების მიერ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის მიზნით ამომრჩეველთა მობილიზებისა და რიგ შემთხვევებში, უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტები.

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლები ზეპირ შენიშვნებს აფიქსირებდნენ და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისგან დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრას ითხოვდნენ. ძირითადად, საარჩევნო კომისიის წევრები ითვალისწინებდნენ „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების შენიშვნებს და ასწორებდნენ დაფიქსირებულ ხარვეზებს.

„მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების შესწავლას.

ძირითადი მიგნებები:

საარჩევნო უბნის გახსნა: დილის 07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართა, ყველა საარჩევნო უბანი, სადაც „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლები აკვირდებიან, მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნის გახსნის პროცესს, ძირითადად, საუბნო საარჩევნო კომისიის 10 წევრი ესწრებოდა. ასევე, ამ უბნებზე დაცული იყო კოვიდის უსაფრთხოების ზომები.

ხმის მიცემის პროცესი: კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. დაფიქსირდა: დამკვირვებლის მუქარა და დაშინება ( 1 ფაქტი); საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა (1 ფაქტი); საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მობილიზება ხმის მიცემის მიზნით (1 ფაქტი); ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (3 ფაქტი); არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე (1 ფაქტი); არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობა (1 ფაქტი); სხვის ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა (1 ფაქტი).

ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესის დროს ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურების წესების უგულებელყოფას (1 ფაქტი).

მეორე ტურის არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები: მუქარა და დაშინება „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიმართ -1 ფაქტი; ყვარლის #10.16.12 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მუქარას მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიმართ. მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა, რომლებსაც საარჩევნო უბანზე სუფრა ჰქონდათ გაშლილი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა და არაუფლებამოსილმა პირებმა დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილური ჯგუფის მისვლის შემდეგ ვითარება განიმუხტა და ინციდენტი აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილმა პირებმა დატოვეს საარჩევნო უბანი და ორგანიზაციის დამკვირვებელს მიეცა დაკვირვების გაგრძელების შესაძლებლობა. საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის - 1 ფაქტი; რუსთავის #12.20.82 კენჭისყრის შენობაში, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ნინო ჯიბლაძე უბანზე მისულ ამომრჩევლებს მის ხელთ არსებულ სიაში აღრიცხავდა და ციფრებს ტელეფონით გადასცემდა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა ეს ფაქტი შენიშნა და რეაგირებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მითითებით, დამკვირვებელი შენობის ერთ-ერთ ოთახში შევიდა, თუმცა უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვა კვლავ გააგრძელა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ შენიშვნის განმეორებით მიცემის შემდეგ, მას კენჭისყრის შენობა დაატოვებინეს. მოგვიანებით, ნინო ჯიბლაძე საარჩევნო უბანზე მიბრუნდა, რეგისტრაცია გაიარა და უბანი დატოვა; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - 3 ფაქტი

ახმეტის #10.18.25 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში გადაიღო ფოტო, რაც საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია.

ლაგოდეხის #10.15.22 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის ფარულობა დაარღვია. ამომრჩეველი კენჭისყრის კაბინაში არ შევიდა. მიუხედავად თავმჯდომარისა და რეგისტრატორის მიერ არაერთგზის გაკეთებული მითითებისა, ამომრჩეველმა არჩევანი საარჩევნო ბიულეტენზე რეგისტრატორის მაგიდაზე გააკეთა.

ახმეტის #10.18.03 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ხმის მიცემის ფარულობა დაარღვია. მან კენჭისყრის კაბინაში შეიხედა, რათა დაენახა, თუ ვის სასარგებლოდ აკეთებდა ამომრჩეველი არჩევანს საარჩევნო ბიულეტენზე; არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე -1 ფაქტი

ლაგოდეხის #10.15.22 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა 5 ამომრჩეველი პირადობის მოწმობის გარეშე შეუშვა. საუბნო საარჩევნო კომისიამ ამ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა და უკან გააბრუნა.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობა - 1 ფაქტი

ახმეტის #10.18.01 საარჩევნო უბანზე უბანზე ამომრჩეველი მობილურით გადაღებული პირადობის მეშვეობით ცდილობდა ხმის მიცემას. სხვის ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა -1 ფაქტი; ლაგოდეხის #10.15.36 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი სხვა პირის კუთვნილი პირადობის მოწმობით ცდილობდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ მისცეს.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მობილიზება ხმის მიცემის მიზნით - 1 ფაქტი; ისნის #04.05.39, #04.05.40, #04.05.42, #04.05.44 და #04.05.45 საარჩევნო უბნების კენჭისყრის შენობაში (#103- ე საჯარო სკოლის შენობის ჰოლში) სადამკვირვებლო ორგანიზაციების „ფოთის ახალგაზრდული ალიანსი“, „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის“ და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლები სატელეფონო ზარებს ახორციელებენ და საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მობილიზებას ახდენდნენ.

საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურების წესების უგულებელყოფა -1 ფაქტი; რუსთავის #12.20.22 საარჩევნო უბანზე საარჩევნო სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დათვლის შემდეგ ყუთის გახსნამდე არ დალუქეს ამომრჩეველთა სიები, რაც საარჩევნო კოდექსის 67-ე მუხლის მე- 3 პუნქტის დარღვევაა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

მეორე ტურის არჩევნების დღის მონიტორინგი განხორციელდა ორგანიზაციის 200 დამკვირვებლის მეშვეობით. მათ შორის, 175 საუბნო საარჩევნო კომისიის, 18 მობილური ჯგუფის, 7 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

მეორე ტურის არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავდა სულ 7 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) - კახეთი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4), სამგორი (#5) და გლდანი (#8) - თბილისი.

არჩევნებს დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას უწევდა საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებდა როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობდნენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდნენ პროგრამის იურისტები. გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ საკოორდინაციო ცენტრში მოქმედებდა ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ესარგებლა და საკოორდინაციო ცენტრისთვის გაეზიარებინა მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

„მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

მეორე ტურის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით. განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებსა და მოსაზრებებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო