მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობდა.

ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ადვოკატის განცხადებით კი, ზურაბაშვილს არავისთვის შეუქმნია საფრთხე. მას უნდოდა პროტესტი საჯაროდ გამოეხატა და მისი პოზიციის მოსასმენად ჟურნალისტები მისულიყვნენ. უფლებადამცველის თქმითვე, ზურაბაშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა