რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მოგებული დღეს ხელისუფლებაა, რადგან მას მიზანი მიღწეული აქვს, ხოლო ოპოზიცია სრული მარგინალიზაციისკენ მიდის

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ ველზე მოგებული დღეს ხელისუფლებაა, რადგან მას მიზანი აქვს მიღწეული.

როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზნის მისაღწევად ოპოზიციის ტაქტიკა, რომ ქუჩაში იდგეს, არაპერსპექტიულია.

„მოგებული არის ის, ვისაც მიზანი მიღწეული აქვს. მიზანი ამ შემთხვევაში ხელისუფლებას აქვს მიღწეული - მას აქვს პარლამენტი. რაც შეეხება ოპოზიციას, მისი მიზანი ცოტა გაუგებარია. მათ მიზანი გადააადგილეს, მარტო პარლამენტი კი არაა მათი მიზანი, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნები და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ მიზნის მიღწევა ისე, რომ მარტო ქუჩაში იდგე, ძალიან არაპერსპექტიულად მეჩვენება. ისინი რომ პარლამენტში შევიდნენ და საპარლამენტო მანდატი ჰქონდეთ, მაშინ კიდევ შეიძლება დადგეს ეს საკითხები და მეტ-ნაკლებად წარმატებით გადაწყდეს. ქუჩაში დგომა იძულებითი მეთოდია, რაშიც იგულისხმება, რომ თუ არ გააკეთებ, რაც მინდა, მაშინ კიდევ დიდი ხანი ვიდგები ქუჩაში და მოვაწყობ დესტაბილიზაციას. ასეთი იძულებითი მეთოდი ყოველთვის შედეგის მომტანი არ არის, მითუმეტეს, როცა ოპოზიცია პრაქტიკულად თავის ზეწოლას, იძულებას ახორციელებს რაიონებიდან ჩამოსული ხალხით და არც ისე შთამბეჭდავია ხოლმე მათი ღონისძიებები“,- განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან, როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რადგანაც ოპოზიციის წარმომადგენლებს საპარლამენტო მანდატები აქვთ, შეუძლიათ საკითხები, რომლებიც, მათი აზრით, მოუგვარებელია, პარლამენტში დააყენონ. მისი შეფასებით, ოპოზიცია მარგინალიზაციისკენ მიდის.

„არალოგიკური და წამგებიანია ის პოზიცია, რაც ოპოზიციაში ფიქსირდება - ვიდგეთ ქუჩაში და სხვა არაფერს არ დავთანხმდეთ. მსოფლიოში ყველა ეუბნება მათ, რომ ეს წამგებიანია. ესენი პასუხად ყველას, დასავლეთსაც, რუსეთის აგენტებს ეძახის. ამ ფონზე, დღეს თუ არა ხვალ, კიდევ უფრო დამძიმდება მათი მდგომარეობა - ქუჩაში ყოფნა გაუჭირდებათ, საერთაშორისო აღიარება საერთოდ ნულამდე დავა იმიტომ, რომ თვითონ გამოავლინეს ამ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ უპასუხისმგებლობა და მიდიან სრული მარგინალიზაციისკენ. როდესაც არ ხარ პარლამენტის წევრი ერთია, მაგრამ საპარლამენტო მანდატებით მარგინალიზაცია და ქუჩაში დარჩენა, სრულიად გაუგებარია. ამ გაუგებრობამ, წესით, თვალი უნდა აუხილოს ოპოზიციაში ბევრ მათგანს, რომ არალოგიკურია ის გზა, რომელსაც ისინი ადგანან“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა