მეუფე შიო - წმინდა გიორგის ხსენება ჩვენთვის არის მოწოდება, რათა ვებრძოლოთ ბოროტებას და ვპოვოთ მარადიული სიხარული

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლაწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) იქადაგა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. მან ჭეშმარიტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ამ გზით დადიოდა.

მისი თქმით, „წმინდა გიორგის ხსენება არის მოწოდება, რათა ვებრძოლოთ ბოროტებას და ვპოვოთ მარადიული სიხარული...“

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო, პატიოსანო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო! გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის დიდმოწამე გიორგის ხსენება, რომელიც არის ჩვენი ერისთვის განსაკურებულად საყვარელი წმინდანი. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, დალოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა-კურთხევა. წმინდა გიორგი იმდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, რომ, როგორც იცით, იგი ჩვენს სახლემწიფო გერბზეც გამოსახაულია, როგორც ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ერისა. დღეს ვფიქრობთ ჩვენ იმაზე, თუ რა თვისებებით განდიდდა ესოდენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მეხსიერებასა და წმინდა ეკლესიაში წმინდა გიორგი; ვიხსენებთ მის ცხოვრებას, მის წამებას. პირველ რიგში, ალბათ იმით, რომ მან ჰპოვა ჭეშმარიტება, ჭეშმარიტი გზა. იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა როცა გამოაცხადა, მაშინ წმინდა გიორგი, თქვენ გახსოვთ, მხედართმთავარი, მისი დაცვის წევრი იყო და იგი უშიშრად გამოცხადდა სენატში და საჯაროდ აღიარა თავისი ქრისტიანობა. მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „მე მწამს ჭეშმარიტება, მე ვემსახურები ჭეშმარიტებას და მზად ვარ, მოწამეობრივად აღვესრულო ჭეშმარიტებისთვის!“. იქ ერთ-ერთმა წარჩინებულმა ჰკითხა მას, რა არის ჭეშმარიტებაო, გახსოვთ ალბათ, როგორც ეს იესო ქრისტეს ჰკითხეს. ეს კითხვა ისმის დღესაც, თუ რა არის ჭეშმარიტება?! და როგორ უპასუხა წმინდა გიორგიმ?! ჭეშმარიტება არის თავად უფალი იესო ქრისტე, რომელსაც იგი ემსახურება. აი, ამისთვის განდიდდა წმინდა გიორგი; მან ჰპოვა ჭეშმარიტება, ემსახურა ჭეშმარიტებას და მოწამეობა დაითმინა ჭეშმარიტებისათვის და თქვა, რომ ეს ჭეშმარიტება არის თავად უფალი იესო ქრისტე. დღეს ხშრად ისმის კითხვა, სამწუხაროდ, უკვე დამკვიდრდა ასეთი აზრი, რომ ჭეშმარიტება არ არის ერთი, არამედ მრავალნაირია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ჭეშმარიტება, თავისი სიმართლე, მაგრამ ეს ძალიან დიდი შეცდომა, ძალიან დამღუპველი ცდომილებაა, რადგან სინამდვილეში ჭეშმარიტება ერთია. ადამიანური სიმართლე ამ ჭეშმარიტებას როცა ეწინააღმდეგება, ეს უკვე სიმართლე აღარ არის, არამედ სიცრუეა და გამოდის, რომ ღმერთის ჭეშმარიტების ნაცვლად, ადამიანები ემსახურებიან ადამიანურ სიმართლეს, რომელიც, ვიმეორებ, სულაც არ არის სიმართლე. საიდან წარმოიშვა ეს? ვის ცნობიერებაში, ვის გონებაში გაჩნდა ასეთი აზრი?! იმათგან, ვინც უარყო ღმერთი თავის ცხოვრებაში და ცდილობს, საზოგადოებრივი ცხოვრებიდანაც უარყოს და გააძევოს ღმერთი. მათ წარმოშვეს ასეთი აზრი, რომ ჭეშმარიტება არ არის ერთი, არამედ მრავალნაირია და ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი ჭეშმარიტება. წმინდა გიორგიმ ჰპოვა ჭეშმარიტების გზა, იქადაგა და ეწამა ამისთვის. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, თუ რატომ არის წმინდა გიორგი ასეთი ძვირფასი ჩვენი ერისთვის. იმიტომ რომ ჩვენი ერიც, ქართველი ხალხიც, ყოველთვის ამ ჭეშმარიტებას იცავდა და ჭეშმარიტების გზით დადიოდა. ამიტომ არის წმინდა გიორგი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელი, ამიტომ მფარველობდა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის. თქვენ გახსოვთ, როდესაც იგი ბორბალზე აწამეს, მას მოესმა ზეციდან ხმა: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!“ და აი, ჩვენს ერს ყოველთვის ესმოდა ეს ხმა, რომ „მე თქვენთან ვარ!“ ამიტომ გავძელით, ამიტომ მოვედით აქამდე... მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავდით ამ ჭეშმარიტებას და ვემსახურებოდით მას. დღეს ჩვენთვის წმინდა გიორგის ხსენება - ეს არის მოწოდება, რათა ჩვენ გამოვიდეთ ბოროტებასთან საბრძოლველად. ეს ბოროტება არის ცხოვრებისეული, მაგრამ დიდი და ყველაზე რთულად დასაძლევი ბოროტება არის ჩვენს სულსა და გულში. აი, ამასთან საბრძოლველად არის მოწოდებული ადამიანი, რათა ღმერთს შეურიგდეს, ჰპოვოს მარადიული სიხარული და სასუფეველი დაიმკვიდროს ამ ცხოვრებაშივე, რაც იყო უფალ იესო ქრისტეს მობრძანების მიზანი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, უფალმა ინებოს, რომ წმინდა გიორგის ლოცვით, როგორც მან დაამარცხა გველეშაპი და გადაარჩინა დიდებულის ასული, ასევე ჩვენმა ერმა და ყოველმა ჩვენგანმა დაამარცხოს ბოროტება, რომელიც ჩვენშია, რათა ჩვენი ერი გადარჩეს და გაძლიერდეს.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დიდ მოვლენას. ზუსტად ამ დღეს იკურთხა ყოვლადწმინდა სამების ეს დიდებული და შესანიშნავი ტაძარი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეს დღე. მისთვის წმინდა გიორგი იმდენად საყვარელია, რომ აი, ამ დღეს აკურთხა ეს შესანიშნავი ტაძარი. ჩვენ დღეს მადლობა ვუთხრათ მის უწმინდესობას, უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ერის ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა, მოგვივლინა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიისა. მისი უწმინდესობის ცხოვრებაც, შეიძლება ითქვას, ეს არის მოწამეობრივი სვლა, მოწამეობრივი სულიერი გზა. აგერ უკვე 43 წელიწადია, იგი გვინათებს ამ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში და გვასწავლის, რა არის გზა, რა არის ჭეშმარიტება და რა არის ცხოვრება. იგი არის დიდი წინამძღოლი ჩვენი ერისა და ჩვენი ეკლესიისა. ღმერთმა გააძლიეროს და მრავალჟამ ყოფილიყოს მისი სიცოცხლე და დღეგრძელობა. ჩვენთან არს ღმერთი!",-აღნიშნა მეუფე შიომ.

ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. 23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს