ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილს ექნება მცდელობა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ მინდა გავაფრთხილო, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს ამას, მით უფრო მძიმედ დაამთავრებს

„ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, „რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს ძალაუფლების შენარჩუნებას, მით უფრო მძიმე შედეგით დაამთავრებს“.

ბურჯანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.

„შევარდნაძისა და ივანიშვილის შედარება არასწორია. შევარდნაძე იყო პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება სხვადასხვანაირად შეაფასო, მაგრამ ფიგურა იყო. მას ჰქონდა საერთაშორისო ავტორიტეტი. ჰქონდა გარკვეული მოლოდინებიც საქართველოში, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა, რომ ის გარღვევას მოახდენდა და მან ეს მოახერხა კიდეც. „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებას არასდროს დაგვვიწყებია აგვეღნიშნა ის, რაც შევარდნაძემ გააკეთა, თუნდაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, „აბრეშუმის გზით“ და ძალიან ბევრი სხვა პროექტით. შევარდანაძისა და ივანიშვილის შედარება კატეგორიულად მიუღებელია. ივანიშვილს რა აქვს 5 თუ 7 მილიარდის გარდა? მას ჰქონდა ავტორიტეტი, ქველმოქმედი ადამიანის სახელი, მაგრამ ახლა ის გაშიშვლდა. ყველამ დაინახა, რომ ეს ქველმოქმედება იყო პოლიტიკაში მოსვლის მომზადება და მეტი არაფერი. რა აქვს ივანიშვილს ფულის გარდა? დღეს რომ მას ეს 5 მილიარდი ჩამოაცილო, რა დარჩება ივანიშვილი? ვინ დარჩება მის გვერდით, ოჯახის წევრების გარდა? ბევრი ნათესავიც შეიძლება არ დარჩეს. ასე, რომ პრინციპული განსხვავებაა. ეს განსხვავება ართულებს დღეს გარკვეულწილად პოლიტიკურ ვითარებას. შევარდანაძე პოლიტიკოსი იყო და მიხვდა, რომ უნდა წასულიყო. გარდა ამისა, მას წასასვლელი ჰქონდა, თუნდაც კრწანისში. ივანიშვილს წასასვლელი არ აქვს, მას ქონების დასაცავად სჭირდება იმუნიტეტი. ამიტომ, მას ბოლომდე ექნება მცდელობა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ მინდა გავაფრთხილო, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს ამას, მით უფრო მძიმედ დაამთავრებს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს