მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

ლევან ზურაბაშვილს დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია, შესაბამისად, ის მძიმე კატეგორიის ვერ იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ განუცხადა.

ის დღეს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატი ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

„ვთვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა. პროკურატურას არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა, რომ ის სასამართლოს გაეზიარებინა და ლევანი პატიმრობაში გაეშვა.

ლევან ზურაბაშვილს დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია, შესაბამისად, ის მძიმე კატეგორიის ვერ იქნება. რაც შეეხება პროკურატურის არგუმენტებს, თითქოს, ლევანი მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობას გააგრძელებდა, საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს გაანადგურებდა, გამოძიებას მიემალებოდა, როგორ შეიძლებოდა ეს სასამართლოს გაეზიარებინა. ყველა არგუმენტი აბსურდულია. გამოძიებისთვის ჩვენების მიცემისას ლევან ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ ის სიმართლისთვის იბრძოდა და არ აპირებდა თუნდაც, ერთი სიტყვაც კი, რაც იქ არ ხდებოდა, ეთქვა“. ასეთ ადამიანზე ამბობენ, რომ გამოძიებას მიემალება, მომწეებზე განახორციელებს ზეწოლას და მტკიცებულებებს გაანადგურებს.

ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეცვალოს და მოვითხოვთ, გირაოს 1000 ლარის ოდენობით. თუ სასამართლო გონივრულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენი მოთხოვნა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს“, - აცხადებს ჭოჭუა.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობდა.

ამასთან, პროკურორი აცხადებდა, რომ ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ადვოკატის განცხადებით კი, ზურაბაშვილს არავისთვის შეუქმნია საფრთხე. მას უნდოდა პროტესტი საჯაროდ გამოეხატა და მისი პოზიციის მოსასმენად ჟურნალისტები მისულიყვნენ. უფლებადამცველის თქმითვე, თუკი, ბრალდებულს გაათავისუფლებდნენ, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს. სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო:მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს