კახა კალაძემ სამგორის რაიონში ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარედ, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლად რეაბილიტირებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

„სამგორის რაიონში მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს არის რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 8 000 კვ.მ ფართობზე, რომლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ მომხდარიყო ამ სივრცის მოწესრიგება და განახლება. დაირგო ახალი ხე-მცენარეები, დასასვენებელი სივრცეები, გაჩნდა ატრაქციონები და სასიამოვნოა, რომ ცივი ამინდის მიუხედავად, სკვერში ბავშვები არიან და ვარჯიშობენ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და პოპულარიზაციას.

ჩვენი მიდგომაა, არა მხოლოდ სამგორის რაიონში, არამედ ყველა სხვა რაიონში, სადაც შესაძლებელია განახლება და მსგავსი სივრცეების მოწყობა, ყველგან განვახორციელოთ მსგავსი პროექტები. სიმწვანე და გაუმჯობესებული ეკოლოგია, ეს ის არის, რაც ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,“ - განაცხადა კალაძემ.

„სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო განათების, ვიდეომეთვალყურეობის და სარწყავი სისტემები, საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკები, მშრალი ტიპის შადრევანი, საბავშვო და სპორტული მოედნები, კიბეები, დეკორატიული საყვავილე ქოთნები, ველოპარკინგი, სასმელი წყლის სოკო და წყარო, ასევე, განთავსდა საპარკე ფურნიტურა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები: დაირგო სხვადასხვა სახეობის 484 ხე და 62 ძირი ბუჩქი, ასევე, 1879 ძირი ბალახოვანი მცენარე; 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი. პროექტი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

ადგილზე თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და სამგორის რაიონის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა