გია ხუხაშვილი - 21-ე საუკუნეში „საპარლამენტო გულაგს“ აშენებს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნამდე, მხარეები წითელ ხაზებზე არ უნდა საუბრობდნენ, „რადგან წითელი ხაზების წინასწარ დააანონსება, საფრთხის შემცველია“. აღნიშნულით ხუხაშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მოლაპარაკება ამ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე დათმობს.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამ ტიპის პოლიტიკურ კრიზისში არ შეიძლება, რომელიმე მხარე გამოვიდეს გამარჯვებული, აუცილებელია, რომ სახის შენარჩუნებით, რაღაც შეთანხმებას მიაღწიონ. პოლიტიკური ელიტა ვალდებულია გამოავლინოს სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამ პოლიტიკურმა ჩიხმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ბევრ სხვა რამეს. მე არ ვისურვებდი, რომ მხარეებს შეხვედრამდე ესაუბრათ რაიმე ტიპის „წითელ ხაზებზე“. ისინი ვალდებული არიან მოილაპარაკონ. რაზე მოილაპარაკებენ, ამაზე შეიძლება იყოს მსჯელობა, მაგრამ „წითელი ხაზების“ წინასწარ დააანონსება, საფრთხის შემცველია. ვფიქრობ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც პოლიტიკურმა ელიტამ რაღაც დონის სიმწიფე მაინც უნდა გამოავლინოს. ამბიციები უნდა გადავიდეს უკანა პლანზე და ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ერთი მხრივ, ეს უნდა მოხდეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მედიაციით და აგრეთვე, დადგა დრო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ და ე.წ. „უპარტიო საზოგადოებამ“ თავიანთი მოდელი დადონ, თუ ამას პოლიტიკური ვერ ახერხებს, ამაში საზოგადოება უნდა დაეხმაროს”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არ შეწყვეტას, ხუხაშვილის შეფასებით, ეს „საპარლამენტო გულაგის“ აშენებაა.

„ერთი მხრივ, კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი არ შეუწყვეტს დეპუტატებს უფლებამოსილებას, მიუხედავად მათი განაცხადისა და მეორე მხრივ ამბობს, რომ დაფინანსებას შევუწყვეტთო. სად არის აქ ლოგიკა? მისი ეს ორი მოსაზრება ერთმანეთთან წინააღმდეგონაში მოდის და ლოგიკას მოკლებულია. რაც შეეხება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არ შეწყვეტას, ამით 21-ე საუკუნეში „საპარლამენტო გულაგს“ აშენებს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“. საკუთარი ნების გარეშე, ისინი ფაქტობრივად პატიმრობაში აჰყავთ პარლამენტში. ძალიან იწონებს კონსტიტუციით თავს კობახიძე და ეს კონსტიტუციის მეორე თავის რამდენიმე მუხლის დარღვევაა. აბსოლუტურ აბსურდშია პროცესი შესული“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, წითელი ხაზია.

„ჩვენი მხრიდან ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი. ქვეყანასაც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუდმივად არჩევნების რეჟიმში იყოს. გარდა პოლიტიკისა, ეს ეკონომიკურ სტაბილურობას და სოციალურ სტაბილურობასაც ზიანს აყენებს”, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მაგრამ არ დაკმაყოფილდება, „რაც სავსებით სწორი იქნება“. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი "აუცილებლად იმსჯელებს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა