ვახტანგ ძაბირაძე - ვადამდელი არჩევნები მაინც საჭირო გახდება, 1 წელში თვითმმართველობის არჩევნები მოდის, ამიტომ ოპოზიციისთვის უმჯობესია პარლამენტში შევიდეს

ოპოზიცია უცნაურ პრინციპულობას იჩენს, რადგან ხელისუფლება და ქვეყნის პარნტიორები ფაქტობრივად, ერთ პოზიციაზე დგანან, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ძაბირაძე აცხადებს, კობახიძის განცხადებები, როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილებაა ხელისუფლების მხრიდან. მისივე თქმით, გამოსავალზე ოპოზიციამ ყოველგვარი ემოციების და მოგონილი პრინციპულობის გარეშე უნდა იმსჯელოს.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი ოპოზიციისთვის პარლამენტში შესვლა და ცვლილებებზე მუშაობაა, რადგან ერთ წელში ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და გამორიცხული არ არის საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდეს, რადგან ქვეყანა მძიმე ვითარებაშია, „ქართულ ოცნებას“ კი რესურსი ამ ვითარების შესაცვლელად, სავარაუდოდ, არ ეყოფა.

„რაც დრო გადის, ჩვენი დასავლელი პარნტნიორების ყველა განცხადებაში ისმის ერთი და იგივე მოწოდება ოპოზიციისადმი, რომ აუცილებელია შევიდნენ პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ, რომ უკეთესი სააარჩევნო კოდექსი გვქონდეს და არჩევნები გამართულად ჩატარდეს. ამას იმიტომ ვუსვამ ხას, რომ ოპოზიცია საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, ამიტომ ოპოზიციამ ყოველგვარი ემოციების და მოგონილი პრინციპულობის გარეშე უნდა იმსჯელოს მის და რა თქმა უნდა, ქვეყნის მომავალზეც, რადგან თუ ოპოზიცია არ იქნება ქვეყანაში, ეს იქნება კატასტროფა, ან თუ იქნება ოპოზიცია, რომელსაც არ ექნება მოსახლეობაში მხარდაჭერა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კობახიძის განცხადებები, როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილებაა ხელისუფლების მხრიდან. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას აქვს ყველანაირი ბერკეტი, მათ შორის, ძალის ლეგიტიმური გამოყენების ბერკეტიც, რომ თუ გართულებები იქნება და იქნება მცდელობა 2003 წლის სცენარის ვარიაციების, ეს აღკვეთოს, ამის ლეგიტიმური უფლება აქვს ფაქტიურად, მათ შორის, იმ განცხდებებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენი პარნტიორები აკეთებენ. ამიტომ ოპოზიცია უცნაურ პრინციპულობას იჩენს ჩემი აზრით, რადგან ხელისუფლება და ჩვენი პარნოტრები ფაქტიურად, ერთ პოზიციაზე დგანან, ამიტომ არ ვიცი რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს ოპოზიციამ, რომ ამ ეტაპზე აიძულოს ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს, არ წავა ამაზე ხელისუფლება. ერთადერთი ბერკეტი ოპოზიციას ჰქონდა და აქვს ის, რომ დასავლეთი დაარწმუნოს თავისი მოთხოვნების არა მარტო სისწორეში, არამედ ადეკვატურობაში პოლიტიკურ პროცესთან მიმართებით. ზოგადად ხისტი პოზიცია დასავლური პოლიტიკიდან არცთუ ისე რელევანტურია, ისინი ყოველთვის ტოვებენ ლუფტს მოლაპარაკებებისთვის. ამიტომ მათთვის ცოტა გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების და ელიტის პოზიცია, როცა მათ კატეგორიული მოთხოვნები აქვთ,“- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, ამორმჩეველი მაინც არ არის ერთიანი ისე როგორც ამას ოპოზიცია ხატავს და მათ სხვადასხვაგვარი მოთხოვნები აქვთ, რასაც ანალიზის გაკეთება სჭირდება.

„დააკვირდნენ რა მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და ნათლად ნახავენ, რომ ეს ელექტორატი პატარა პარტიებს რომ ხმა მისცეს, არ არის ერთგვაროვანი, თუ საკითხი დადგება „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“, ის ამომრჩეველი არ წავა „ნაციონალური მოძრაობისკენ“, ყველაზე უკეთეს ვარიანტში ამომრჩეველი გაიყოფა და ეს ძალიან ნათლად ჩანს, არ ვიცი ამას რატომ ვერ ხვდებიან თუ არ ხვდებიან. ამომრჩეველი არ არის ისეთი ხისტი, როგორსაც ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს. სულ სხვა მოთხოვნები აქვს მაგალითად „ლელოს“ ამორმჩეველს და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის დიდ ნაწილს, სხვადასხვაგვარად უყურებენ პროცესებს. ამასთან, ერთია როცა ბიულეტენში ადამიანი მხარს გიჭერს და მეორეა ის რამდენად გამოვა ქუჩაში, არის კი დღეს ის კონდიცია ქვეყანაში რომ ქუჩის აქციები პერმანენტულად გააგრძელოს ოპოზიციამ? თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ხვალ შეიძლება ჩავვარდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვას, მაგრამ პოლიტიკური ელიტა აღარ იყოს შეიძლება ამ დროისთვის ისეთი, რომ ამ პროტესტის მართვა შეძლოს. როცა ოპოზიცია ხელისუფლების სახის შენარჩუნებაზე ლაპარაკობს, პირველ რიგში, კარგი იქნება, თავისი სახის შენარჩუნებაზე იფიქროს - არაერთხელ მითქვამს არჩევნებამდეც, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგოს, მაგრამ 2024 წლამდე ვერ მიატანს, ისეთი პროცესები განვითარდება. აქეთ მიდის ეს პროცესი, რომ ვადამდელი არჩევნები მაინც საჭირო გახდება, ამასთან, ერთ წელში თვითმმართველობის არჩევნები მოდის, ამიტომ ოპოზიციისთვის უმჯობესია პარლამენტში შევიდეს და იმუშაოს ცვლილებებზე. ამით დასავლელი პარტნიორების კეთილგანწყობაც ექნებათ,“- განაცხადა ძაბირაძემ.

პოლოტოლოგი ასევე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას პარტიების დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე და აღნიშნა, რომ ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში ის მხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის იმოქმედებს.

„პარტიების გარკვეული ნაწილი ისედაც უარს ამბობს დაფინანსებაზე, მაგრამ ეს კანონი რომც მიიღონ, ის ვერ იმუშავებს ამ არჩევნებზე - კანონს თუ ის აუარესებს სუბიექტის მდგომარეობას, უკუქმედების ძალა არ აქვს, ამიტომ დღეს შეიძლება მიიღონ კანონი, მაგრამ ეს იმუშავებს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამიტომ ეს უცნაური განცხადებაა, ისევე როგორც უცნაურია ის განცხადება, რომ არ შეუწყვეტენ უფლებამოსილებას ოპოზიციონერ დეპუტატებს. კი ბატონო, შეუძლია ეს პარლამენტს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ან პარლამენტისთვის, ან უმრავლესობისთვის, ან კობახიძისთვის ან კიდევ პოლიტიკური ვითარებისთვის, სამართლებრივად ეს გაფორმდება თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ყველას ეცოდინება, რომ ბოიკოტი აქვთ პარტიებს,“- განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, წითელი ხაზია, თუმცა, ხელისუფლება მზად არის სარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე იმუშაოს. კობახიძის თქმითვე, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მაგრამ არ დაკმაყოფილდება, „რაც სავსებით სწორი იქნება“. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი "აუცილებლად იმსჯელებს".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა