გუბაზ სანიკიძე - რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა კობახიძეს, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი დეპუტატობა უნდა? - ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ

რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ირაკლი კობახიძეს, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი დეპუტატობა უნდა? რაშია საქმე, რატომაა მონდომებული ხელისუფლება?- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, მმართველ გუნდს ოპოზიციის ქუჩაში დატოვების ეშინია, რადგან ხელისუფლება ქუჩას ვერ აკონტროლებს.

„ქუჩაში დასატოვებელი ხალხი არ ვართ და საქმეც მაგაშია, ხელისუფლებას ამის ეშინია. ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი რისიც ეშინია, ეს არის ქუჩა იმიტომ, რომ ქუჩა ხელისუფლების მხრიდან არასდროს კონტროლდება. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ. ყველაფერს იზამენ, თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს ჩვენს სახელებს დაარქმევენ“,- განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, სანიკიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პირობის გარეშე ოპოზიცია პარლამენტში არ შევა. მისივე თქმით, მიუხედავად სამთავრობო ოპტიმიზმისა, მათ ადგილას ოპტიმისტურად განწყობილი არ იქნებოდა, რადგან „ოპოზიციაში ჯერჯერობით საკმაოდ სერიოზული ერთობაა“.

„თუ ხელისუფლების მხრიდან არავითარი ინიციატივა და პირობა არ იქნა, უპირობოდ პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ იქ უპირობოდ შესვლა ნიშნავს პოლიტიკურ სიკვდილს და არა მარტო პოლიტიკურს, არამედ მორალურ სიკვდილსაც კი. ამიტომ, ამ შემთხვევაში ოპოზიციას ძალიან ნორმალურად აქვს განსაზღვრული, რომ უპირობო შერიგება ივანიშვილის ხელისუფლებასთან გამოიწვევს ამა თუ იმ ოპოზიციონერის თუ ოპოზიციური ჯგუფის სრულ კრახს.

თუ ხელახალი არჩევნები არ გამოდის, რიგგარეშე არჩევნებზე შეიძლება საუბარი, ამიტომ, სალაპარკო თემები არის. მაგრამ ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, თუ გონია, რომ ასე უპირობოდ შევა ოპოზიცია პარლამენტში, ეს არ გამოუვა, გამორიცხულია. ადგილობრივი არჩევნებიც მოდის და ის პარტია, რომელიც უპირობოდ დაეთანხმება ხელისუფლებას პარლამენტში შესვლაზე, ჩათვალეთ, ის ნული იქნება ადგილობრივ არჩევნებში. ამიტომ, არაა ასე მარტივად საქმე, ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პირობები წამოაყენოს“,- განაცხადა სანიკიძემ.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, „ვიღაცები შეიძლება შევიდნენ პარლამენტში, თეორიაში რომ დავუშვათ“, მაგრამ 2008 წელი შეიძლება განმეორდეს, როდესაც ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანი შევიდა პარლამენტში, მაგრამ შემდეგ ისინი გაქრნენ პოლიტიკური არენიდან. „ძალიან ხშირად ამუნათებს ხელისუფლება ოპოზიციას, მისი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, რომ თუ ოპოზიცია ქუჩაში დარჩა, მათი მარგინალიზაცია მოხდება. არა, ბატონებო. ამ შემთხვევაში პირიქით შეიძლება მოხდეს. ვინც შევა პარლამენტში, შესაძლოა მისი მარგინალიზაცია მოხდეს ზუსტად ისე, როგორც 2008 წელს მოხდა“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს