გუბაზ სანიკიძე - ხელისუფლებას მოუწევს ოპოზიციის ჭკუაზე წასვლა - მთავარი ამოცანაა ოპოზიცია არ გაიბზაროს და პრინციპული პოზიცია შეინარჩუნოს

„ჯოკერი“ ყველას გვითამაშია - „წაგლეჯვაში“ „შეიტენა“ ბიძინა ივანიშვილმა. ის „პრემიაზე“ ვეღარ გავა, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, ხელისუფლებას „ოპოზიციის ჭკუაზე წასვლა მოუწევს“.

„ქართულ ოცნებას“ იგივე ელოდება, რაც ექიმებთან დაკავშირებით დაემართა. გუშინ ყურებდაცქვეტილები რომ უსმენდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს, იგივე ელოდებათ ორ თვეში პოლიტიკაში, მოუწევთ ოპოზიციის ჭკუაზე წასვლა. მთავარი ამოცანაა ოპოზიცია არ გაიბზაროს და პრინციპული პოზიცია შეინარჩუნოს“,- განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, როგორც გუბაზ სანიკიძე აღნიშნავს, ისე არ მოხდება, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის ლეღვის ფოთოლი აღმოჩნდეს.

„ხელისუფლების გადასაწყვეტია, საქართველო თურქმენეთი გახდება, თუ ცოტა სულს მოითქვამს. ის, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის ლეღვის ფოთოლი აღმოჩნდეს, ასე არ იქნება. ამ სურვილს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს არ შეუსრულებს, გამორიცხულია. საკმაოდ გამოცდილი და საკმაოდ „გაეშმაკებულია“ ოპოზიცია“,- განაცხადა სანიკიძემ.

გარდა ამისა, სანიკიძე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს დათმობებზე წასვლა მოუწევს და აცხადებს, რომ „ხელისუფლების საქმე ცუდადაა“.

„ხელახალ არჩევნებში ის მოხდება, რაც ახლა მოხდა და არ გაფორმდა. 2:1 მოიგებს ოპოზიცია. ხელისუფლებას არაფრის დათმობა რომ არ უნდა, ძნელი გამოსაცნობი არ არის, მაგრამ მოუწევს. ჩემი ანგარიშით, დაახლოებით ახალი წლების შემდეგ, როდესაც პოლიტიკური სეზონი დაიწყება, განსაკუთრებით ვაშინგტონში, როდესაც ახალი ადმინისტრაცია მოვა, ხელისუფლებას მოუწევს რაღაცების დათმობა იმიტომ, რომ რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ბიძინა ივანიშვილს „დემოკრატიულ პარტიასთან“ მაინცდამაინც სერიოზული კავშირები არ უნდა ჰქონდეს. ბაიდენის გაპრეზიდენტება ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან გააქტიურდება. ასე რომ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. რაც არ უნდა ხელისუფლებას თავი ეჭიროს, მათი საქმე ძალიან ცუდად აქვს“,- განაცხადა სანიკიძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო