ხათუნა ლაგაზიძე - „ოცნებას“ ჰგონია, რომ თეთრ რაშზე ზის - თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში ცხვრებივით შელაგდებიან, პოლიტიკურ მოღვაწეობას დაასრულებენ

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წავა, შემდეგ კი დროს გაწელავენ, რომ „ვიღაც აცდუნონ და პარლამენტში შეიყვანონ“.

როგორც ლაგაზიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ არა დიპლომატიური მისიები მმართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდასთან არ იჯდებოდა.

„ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ის მაინც თეთრ რაშზე ზის. ერთადერთი დისკომფორტი არის სწორედ დასავლეთის დიპლომატიური მისიები, რომლებიც მას აიძულებენ, რომ დარჩნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, თორემ ამ მოლაპარაკების მაგიდასთანაც, დამერწმუნეთ, ისინი არ ისხდებოდნენ, იმიტომ, რომ ავტორიტარიზმი მათი შინაგანი კონსტიტუციაა. მთავარი აქ გახლავთ ის, რომ სანამ პარლამენტი არ შეიკრიბება, ისინი დათმობაზე წამომსვლელები არ არიან და მერეც, რამდენიმე ხანს, ისინი გაწელავენ და სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუნარჩუნებენ ოპოზიციას, იმიტომ, რომ ვიღაც აცდუნონ და შეიყვანონ. ეს დროს ახანგრძლივებს მოლაპარაკების და საბოლოო შედეგამდე მისვლის, რაც ცუდი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ერთგვარად ცინიზმითაა მოწოდებული. აქ მთავარი გახლავთ ერთი პრობლემა, რომელიც ოპოზიციას დაუდგება, კერძოდ ის, რომ ამ ჩაკეტილობის პირობებეში, როდესაც ისინი პარლამენტს მიღმა დარჩებიან, როგორ არ მოხდეს მათი მარგინალიზაცია და დარჩნენ აქტუალურები საზოგადოების თვალში.

მე მქონდა შეთავაზება, რომ ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის პარალელურად ანტიკრიზისულ გეგმაზე, გადარჩენის გეგმაზე მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს უნდა შესთავაზოს მოსახლეობას როგორც ალტერნატიული ხედვა“,- განაცხადა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, ლაგაზიძე ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკუთარ სიტყვა გატეხეს და „პარლამენტში ცხვრებივით შელაგდნენ“, პოლიტიკურ მოღვაწეობას დაასრულებენ.

„სანამ ამ მიზანს არ მიაღწევენ, ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდება, სურვილი ასეთი აქვთ. გამოწვევები, რა თქმა უნდა, იქნება. სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ, ფაქტია, რომ მოსახლეობის ხმები ვერ დაიცვეს და ახლა, თუ საკუთარი სიტყვა ვერ დაიცვეს, გატეხეს და შელაგდნენ პარლამენტში ცხვრებივით, ისე რომ ხელისუფლებამ მათ არანაირი პირობა არ დაუკმაყოფილა, მაშინ მათ რაღა რჩებათ, ისინი ამთავრებენ საკუთარ პოლიტიკურ მოღვაწეობას“,- განაცხადა ლაგაზიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს