რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი - შეზღუდვებით დაახლოებით 250 000 ადამიანი ზარალდება და სამსახურს კარგავს

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ რესტორნების მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი იყო და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს მსგავსი შეზღუდვა არ განიხილებოდა.

როგორც შოთა ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსს“ რესტორნების მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნული შეზღუდვის შედეგად სექტორში მომუშავე 250 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება.

„ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეიძლება შეფასდეს სფეროს გადასახედიდან. ძირეული პრობლემა გვაქვს, ერთი მხრივ, მძიმე ეპიდვითარება ქვეყანაში, მეორე მხრივ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, ასევე ადამიანების სიცოცხლესთანაა დაკავშირებული, დაახლოებით 250 000 ადამიანი ზარალდება ამ შეზღუდვით და სამსახურს კარგავს. ჩვენ მთავრობას შეხვედრების დროს ვთავაზობდით, რომ ოქროს შუალედი მოგვენახა. ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა და ჩვენი შეთავაზება იყო, რომ არსებული რეგულაციების მკაცრი კონტროლი მომხდარიყო და თუ ვინმე არღვევდა მოთხოვნებს, მკაცრად ეგო პასუხი, მაგრამ მთავრობამ სრული „ლოკდაუნის“ გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრისას საუბარი არც ყოფილა სრულ შეზღუდვაზე, ასეთი ვერსია არც განიხილებოდა. შოკისმომგვრელი იყო ეს გადაწყვეტილება. „ლოქდაუნს“ ვუწოდებთ თუ წერტილოვან შეზღუდვას, რას დავარქმევთ ამ შეზღუდვებს ეს უმნიშვნელოა“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურების შემთხვევაში რესტორნები 70 % ვეღარ გაიხსნება. რაც შეეხება „დელივერის“ და „დრაივის“ სერვისების მუშაობის დაშვებას, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, რესტორნები მუშაობის მსგავს რეჟიმზე ვერ გადაეწყობიან.

„რომელიმე რესტორანმა გატანის სერვისი რომ ააწყოს, თუ მანამდე ასაქმებდა 20 ადამიანს, ახლა მაქსიმუმ 3-ს დაასაქმებს. გასათვალისწინებელია, რომ გატანის სერვისზე მუშაობენ სწრაფი კვების ობიექტები, თუმცა რესტორნები ვერ გადაკეთდებიან სწრაფი კვების ობიექტებად და თუ გადაკეთდებიან, ხარჯი მეტი ექნებათ, ვიდრე ბრუნვა. ვერ იმუშავებენ, თუმცა კიდევ უფრო მეტი პრობლემაა ის, რომ უამრავი ადამიანი სამსახურს დაკარგავს და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ ეპიდსიტუაცია დარეგულირდა, რესტორნების 70% უბრალოდ ვერ გაიხსნება, რადგან მათ ნულიდან კი არ მოუწევთ დაწყება, არამედ მინუსიდან. ბაზრიდან გავლენ, რადგან მოიჯარეები ამ პერიოდში თანხას მაინც მოითხოვენ, ამიტომ ფართებს დატოვებენ. პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფო რეგულაციების გამართულად მუშაობას ვერ უზრუნველყოფს და აქედან გამომდინარეა მიღებული ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ სარესტორნო ბიზნესს, რომელსაც საბანკო სასესხო ვალდებულება გააჩნია, სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს, რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, „შექმნილ ვითარებაში ნებისმიერი დახმარება მისაღებია და დადებითია, მაგრამ თუ ბიზნეს სექტორი მიიღებს ამ დახმარებას სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, ეს იმ 250 000 ადამიანს, ვინც უმუშევრად დარჩება, შვებას ვერ მისცემს.“

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. კერძოდ, დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“.

იხილეთ ვიდეო:შეზღუდვებით დაახლოებით 250 000 ადამიანი სამსახურს კარგავს - რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო