სალომე სამადაშვილი - დავით ზალკალიანი დანაშაულის თანამონაწილე ხდება, როცა არ გასცემს იმ მასალას, რომელიც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობას ამტკიცებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, დანაშაულის თანამონაწილე ხდება, როდესაც არ გასცემს იმ მასალას, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უდანაშაულობას ამტკიცებს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან „ინტერპრესნიუს“ განუცხადა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავენ.

სალომე სამადაშვილის თქმით, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პოლიტიკური მოტივაციით არიან დაკავებულები.

„ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ორი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური მოტივაციით, უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურას რეალურად არ აქვს არანაირი მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ მოითხოვეს მათ მოსმენების გადადება. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრ დავით ზალკალიანს უნდა ესმოდეს, რომ ის დანაშაულის თანამონაწილე ხდება, როდესაც არ გასცემს იმ მასალას, რომელიც რეალურად ამტკიცებს ამ ადამიანების უდანაშაულობას. რეალურად ის ხელს აფარებს იმ დოკუმენტაციას, რომელმაც უნდა განსაზღვროს სიმართლე ამ საქმეში. ჩვენი მოთხოვნა იყო და არის ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაუყოვნებლივ გათვისუფლება “,-განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატებს მასალებს არ აძლევს, რომელიც, მისივე თქმით, შესაძლოა, ბრალდებულების უდანაშაულობის დამადასტურებელი იყოს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა