საქართველოს  საგარეო უწყება - რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საგარეო უწყება, როგორც წესი, თავს იკავებს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული შეხვედრების კომენტირებისაგან, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ ფორმატი თავისი ხასიათით არაფორმალურია და მის ფარგლებში განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემატიკა.

უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების დასაწყისში მხარეები აფიქსირებენ პოზიციებს სხვადასახვა აქტუალურ თემებზე, მათი განხილვა ან მითუმეტეს მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

„მორიგი შეხვედრის დასრულებისთანავე, რომელიც ვიდეო-ტელე კონფერენციის ფორმატში 27 ნოემბერს გაიმართა, ზურაბ აბაშიძემ დაწვრილებითი პრესრელიზი გაავრცელა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, სამწუხაროდ, მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია პრესისათვის, რომელიც შესაძლოა ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსსა და საუბრის თემატიკას. კერძოდ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბრისას არ განხილულა „კოვიდ 19“ ვაქცინის საკითხი, ისევე, როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და მითუმეტეს, არ „დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას.

რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ურთულეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ჰუმანიტარული კუთხით, მისი განხილვა და პოზიციების დაფიქსირება ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც, ევროკავშირის, ეუთო-ს, გაერო-ს თანათავმჯდომარეობითა და ჩვენი მოკავშირის აშშ-ს მონაწილეობით, შესაძლებელია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი. შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს. აღვნიშნავთ ასევე, რომ ჟენევის მორიგი რაუნდი, არაერთგზის გადადების შემდეგ, დაგეგმილია 10-11 დეკემბერს,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან - საქართველოს საგარეო უწყება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა