„რეფორმერი ფიტნესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია - შენობაში სამართალდამცველები იმყოფებიან

ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში", რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხმაურია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ.

ფიტნეს ცენტრთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ვარჯიში დანაშაული არ არის.

ამასთან, “გირჩის” ერთ-ერთი წევრის განცხადებით, აღნიშნული ფიტნეს ცენტრი კერძო საკუთრებაა და პოლიციას შესვლის უფლება არ ჰქონდა.

„ვიცოდით, რომ ზურა ჯაფარიძემ იქირავა და დაპატიჟა ადამიანები. ეს არის კერძო საკუთრება, რომელშიც შესვლის უფლება პოლიციას არ აქვს. პარადოქსულ ვითარებას ვიღებთ, როდესაც ამხელა სპეცოპერაციაა ფიტნეს კლუბთან“ , - განაცხადა გირჩის წარმომადგენელმა.

"რეფორმერი ფიტნესის" მფლობელის გიორგი ფუტკარაძის თქმით, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ და ფიტნესის დახურვას ცდილობენ. მისივე განცხადებით, ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და საქმიანობა გააგრძელეს, რის გამოც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა 10 000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ამ წუთებში დაუმორჩილებლობის გამო, შენობაში სამართალდამცავები შევიდნენ.

გიორგი ფუტკარაძის თქმით, 10 000 - ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. მისივე განცხადებით, ფიტნეს ცენტრში ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად არის დაცული.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე ობიექტი - ბათუმში შპს "ონლაინ მეჯიქ" ე.წ. "რეფორმერი ფიტნესი" და რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი" დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია