ხატია დეკანოიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე - სასამართლოსგან დადებითი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვცადოთ იმისთვის, რომ ეს 2 ადამიანი გავათავისუფლოთ

ხელისუფლებას უბინძურესი პროპაგანდისთვის დასჭირდა ადამიანების დაჭერა და საპყრობილეში განწესება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ წინაასაარჩევნოდ ძალიან მძიმე და ამაზრზენი პროპაგანდა აეგორებინა, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ე.წ. კარტოგრაფების საქმე.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაკავებულ ივერ მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თავდებში უდგება.

„ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან განსახიერება ზუსტად იმ რეჟიმის, რომელიც დღეს საქართველოშია. ხელისუფლებას უბინძურესი პროპაგანდისთვის დასჭირდა ადამიანების დაჭერა და საპყრობილეში განწესება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ წინაასაარჩევნოდ ძალიან მძიმე და ამაზრზენი პროპაგანდა აეგორებინა. ამიტომ, მე, ისევე როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე და პოლიტიკოსი, თავდებში ვუდგები ამ ორ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ სასამართლოს იმედი ნამდვილად არ მაქვს. სასამართლო, ისევე, როგორც მართლმსაჯულების ყველა გუნდი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმს, უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ერთობა და ამ ადამიანების დაცვა, მათ შორის საჯაროდ“,-განაცხადა დეკანოიძემ.

მისი შეფასებით, საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

„მიმაჩნია, რომ ეს სასამართლო, ისევე როგორც მართლმსაჯულების ყველა რგოლი მხოლოდ ხელისუფლებაზე მუშაობს. ვნახოთ, გაითვალისწინებს თუ არა მოსამართლე იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უდგება თავდებში ამ ორ მოქალაქეს, რომლებსაც არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი სამშობლოს ინტერესესს იცავენ. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულს-სამშობლოს ღალატს გაბრალებს, ეს წარმოუდგენელი მაჩვენებელია იმისა, რა წითელი ზღვარი გადალახა ხელისუფლებამ. ამიტომ, დადებითი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვცადოთ იმისთვის, რომ ეს 2 ადამიანი გავათავისუფლოთ“,-განაცხადა დეკანოიძემ.

დღეს, დავით გარეჯის საქმეზე, სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ბრალდებულების გათავისუფლებას პირადი თავდებობით ითხოვს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს