მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილების გამყიდველებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
დოლიძემ ყვავილების გამყიდველებისგან სიმბოლურად ე.წ. სარიტუალო თაიგული იყიდა და მთავრობასა და მის მეთაურს, გიორგი გახარიას მთავრობის ადმინისტრაციასთან მიუტანა.
მისი განცხადებით, რეპრესიებზე გადასვლა, რაც სახელმწიფომ შეზღუდვების დაწესებით გააკეთა, თვითონ ხელისუფლებას გამოუტანს განაჩენს.
„ეს უგუნური რეგულაციები პირველ რიგში არის შეტევა მშრომელ ხალხზე. ეს არის პირდაპირი თავდასხმა ადამიანებზე, რომლებიც დღეს დგანან ერთადერთი ამოცანის წინაშე – ყოველდღე როგორ გადარჩნენ. რეპრესიებზე გადასვლა, რაც ქნა ჩვენმა სახელმწიფომ შეზღუდვების დაწესებით, გააკეთებს ერთადერთ რაღაცას - ეს თვითონ ხელისუფლებას გამოუტანს განაჩენს. მგონი, ამისთვის ძალიან კარგი სიმბოლოა ეს სარიტუალო თაიგული, რომელიც მინდა, მივუტანო ბატონ გახარიას მთავრობის კანცელარიასთან. მას წარმოდგენა არ აქვს, რა რეალურ გასაჭირში იმყოფება ხალხი. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, კუნთებზე ყურებით, დაშინებით, ჯარიმებით და რეპრესიებით საკუთარ საფლავს გაითხრის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ინფორმაციას „მოძრაობა ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.