ზვიად ხორგუაშვილი - 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა დაბალი მაჩვენებელია და სატრაბახო არაფერია, მაგრამ მომავალ წელს ესეც არ გვექნება

4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა დაბალი ეკონომიკური ზრდაა და სატრაბახო არაფერია, მაგრამ 4,3%-იც კი არ იქნება ეკონომიკური ზრდა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული „ლოქდაუნის“ ის შედეგები, რასაც მივიღებთ, - ასე აფასებს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

როგორც ხორგუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 4,3%-იანი ზრდა „ძალიან ოპტიმისტური“ დაგეგმვაა.

„ეკონომიკური ზრდა იქნება უფრო ნაკლები იმიტომ, ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული „ლოქდაუნის“ გადაწყვეტილების ის შედეგები, რასაც დეკემბერ-იანვარში მივიღებთ. ისევე, როგორც ბიუჯეტის წინა ვერსიაში არ იყო გათვალისწინებული სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი. 4,3%-იანი ზრდა არის ძალიან ოპტიმისტური დაგეგმვა. დიდი ალბათობაა იმის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს გაცილებით ნაკლები, მათ შორის თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არა თუ ეკონომიკური სტიმულირება ხდება ქვეყანაში, პირიქით, უფრო მეტი ჩაკეტვაა. არ ვიცით, თებერვალში კიდევ გამოიყენებენ თუ არა ჩაკეტვის ღონისძებას, მაგრამ ვიცით ის, რომ გადასახედებს არ ამცირებენ, რეგულაციებს არ ამცირებენ, საბიუჯეტო ხარჯებს არ კვეცენ, უფრო მეტ ვალს იღებენ და ვიცით ის, რომ ინფლაცია არ იქნება დაბალი. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მიუთითებს იმას, რომ 4,3% ეკონომიკური ზრდა არ იქნება. რომც იყოს 4,3% ზრდა, ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან დაბალი. ჩვენ გვინდა გაცილებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომ სიღარიბე არ გაიზარდოს, უმუშევრობა შემცირდეს და სხვა პრობლემები მოგვარდეს“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.

რაც შეეხება 2021 წელს საგარეო ვალის გაზრდას, ხორგუაშვილის შეფასებით, ამან შესაძლოა, საქართველო ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველ ქვეყნად აქციოს.

„საგარეო ვალი როცა იზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ გადასახადები იზრდება, რადგან ვალი ისევ მოქალაქეების გადასახდელია. რაც უფრო ბევრ ვალს ვიღებთ, მით უფრო მაღალია გადასახადებია ქვეყანაში. 2021 წელს ვალის მომსახურებაში დაახლოებით 3,5 მილიარდი ლარის გადახდა გვიწევს ბიუჯეტიდან, რაც არის დაახლოებით ბიუჯეტის მესამედი. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქის მიერ გადასახდებში გადახდილი ყოველი 100 ლარიდან, დაახლოებით 30 ლარი მიდის ვალის მომსახურებაში. ის ვალი, რომელიც ავიღეთ, დაიხარჯა უკვე, რეალურად კი, დაგროვდა ბევრი ვალი და შედეგი არ გვაქვს. ვალს ვიღებთ რაღაც მიზეზით, მაგრამ როდესაც ეს ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას არ ახდენს, ეს ნიშნავს იმას, რომ ვალი ავიღეთ, მაგრამ ვერ მოხდა ამ რესურსის გამოყენება, ვერ მოხდა ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა და შესაბამისად, ცალსახაა, რომ ეს ვალი დაიხარჯა, გაიფლანგა და შეგვრჩა ძალიან ბევრი ფული გადასახდელი. ასევე ვალის პრობლემა არის ის, რომ ქვეყნის რისკი იზრდება. შემდეგი ვალები კი შესაძლოა, უფრო მაღალ პროცენტში მოგვცენ ან რიგ შემთხვევაში, არ მოგვცენ. როდესაც ვალი იზრდება, მცირდება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. რეიტინგის შემცირება კი ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველია საქართველო“, - აღნიშნა ხორგუაშვილმა.

მისივე განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტში არ არის შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები.

„თანხების გადანაწილება სხვადასხვა სექტორებზე სულ პრობლემაა ხოლმე, მარტო წელს არა. ცალსახაა, რომ ინფრასტრუქტურული ხაჯები არის გაბერილი. ამავე დროს, არ ხდება შემცირება და ქამრების შემოჭერა ბიუროკრატიულ ხარჯებსა და შესყიდვებზე. მაგალითად, შრომის ანაზღაურება და შესყიდვები კვლავ იზრდება და საერთო ჯამში, გვაქვს უამრავი არაეფექტიანი პროექტი, რომლებსაც ვაფინანსებთ. მაგალითად, ერთიანი აგრო პროექტი, „აწარმოე საქართველში“ და სხვები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად. სინამდვილეში, რაც ეს პროექტები დაიწყო, ეკონომიკური ზრდა გაგვინახევრდა“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარედგინა. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ მთავრობა მომდევნო წელს საგარეო ვალის სახით 5,3 მილიარდ ლარს აიღებს. საშინაო ვალდებულებების ზრდა კი დაგეგმილი არაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა