„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - სასულიერო პირები არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად იყვნენ ჩართული

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, სასულიერო პირები არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად იყვნენ ჩართული.

ორგანიზაციამ რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასა და არჩევნების შემდგომ პერიოდში მათ აქტიურობაზე დაკვირვების მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში მოიცავს 1-ლი ნოემბრიდან არჩევნების მეორე ტურამდე (21 ნოემბრის ჩათვლით) პერიოდს, თუმცა, მასში ასევე აღწერილია არჩევნების მეორე ტურის შემდგომი მოვლენებიც.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, თუ 31 ოქტომბრის არჩევნების დღემდე ადგილი ჰქონდა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლო აგიტაციის არა ერთ შესაძლო ფაქტს, არჩევნების მეორე ტურამდე სასულიერო პირები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, უფრო თავშეკავებულები იყვნენ.

„უფრო მეტიც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მეორე ტურის დასრულების შემდეგაც არ გაუკეთებია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე განაცხადა, რომ პოლიტიკური დაძაბულობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პოლიტიკური განცხადებების კეთებას, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა საბოლოო შედეგი.

თუმცა, საპატრიარქომ თითქმის ყველა არჩევნების დროს ოფიციალურად მიულოცა გამარჯვებულ ძალას, მიუხედავად იმისა, გამოცხადებული იყო თუ არა არჩევნების საბოლოო შედეგები. მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს მეორე დღესვე მიულოცა, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად შეჯამებული. პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მიულოცა 2012 წლის 5 ოქტომბერსაც, არჩევნებიდან მე-4 დღეს, მაშინ როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 2012 წლის 19 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

გადაჭრით იმის თქმა, რომ საპატრიარქომ წინა წლების ტრადიცია დაარღვია პოლიტიკური პროცესებისგან სრული დისტანცირების და სეკულარიზმის პრინციპიდან გამომდინარე, რთულია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში სასულიერო პირთა მაღალი პოლიტიკური აქტიურობის ფონზე. ზოგადად კი, საპატრიაქროს მხრიდან თავშეკავებული პოზიცია დადებითად უნდა შეფასდეს“, - ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა