პროკურატურაში გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დასრულდა

გენერალურ პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დასრულდა.როგორც მან ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, გამოძიების კითხვები ეხებოდა მისი მინისტრობისა და უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდს და მან გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა.

"კითხვები იყო ძალიან ბევრი, ზოგი იყო ტექნიკური ხასიათის. ძირითადად ეხებოდა ჩემს საქმიანობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. ძირითადი კითხვები იყო იმაზე, თუ რა მექანიკითა და პროცედურით საქმიანობდა ეროვნული უშიშროების საბჭო სხვადასხვა საკითხებთან, მათ შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაციასთან დაკავშირებით. ასევე, ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს რა შეემხებლობა მქონდა მე, როგორც მინისტრს, სადემარკაციო და სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობასთან. ბევრი კითხვა იყო, ყველა კითხვას ვუპასუხე. იცით, რომ კომისია იყო უწყებათაშორისო სახელმწიფო კომისია, ის არ ექვემდებარებოდა არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ანგარიშვალდებული იყო ეროვნული უშიშროების საბჭოსთან. მე დავაფიქსირე ღიადაც და გამომძიებელთანაც ჩემი დამოკიდებულება დაკავებულებთან მიმართებით. მე არც მაშინ და არც დღეს არანაირი საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანო მათ პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმში. ჩემი აზრით, ამ საქმის გამოძიება შეიძლება ამ ადამიანების წინასწარი დაკავების გარეშე",- აღნიშნა ბეჟუაშვილმა.

ყოფილი მინისტრის თქმით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავება საჭირო არ იყო. მისი თქმით, ეს იმოქმედებს კომისიის შემდგომ მუშაობაზე.

"ჩვენი ამოცანა, მაშინდელი ხელისუფლების, პრეზიდენტის, ჩემი, იყო დროულად და ეფექტურად გადაწყვეტა საზღვრის დადგენის საკითხის. იმიტომ, რომ დაუდგენელი საზღვარი არის გრძელვადიანი და არასტაბილურობის საგანი ორმხრივ ურთიერთობებში.პოლიტიკური ამოცანა იყო კომისიას დროულად და ეფექტურად ემუშავა. ჩემ დროს 60 % შეთანხმდა, იყო შეუთანხმებელი ნაწილებიც. თუ რაიმე იყო გადაცდომები და შეცდომები ამ პროცესში დაშვებული, სულაც არ იყო ამ ადამიანების დაკავება საჭირო. კარგი მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უარყოფითად იმოქმედებს, უკვე არსებული კომისიის, მუშაობაზე",- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში მოწმის სახით დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს