მამუკა ხაზარაძე - უცებ, ერთ დღეს გაახსენდათ, რომ პოლიტიკური ლიდერების სასამართლო სხდომები უნდა განახლდეს - ეს პარტიებზე ზეწოლისთვის პირდაპირი წნეხია

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმეების განახლება პირდაპირი წნეხია და ემსახურება იმ მიზანს, რომ პოლიტიკურ პარტიებზე ზემოქმედება მოახდინონ. აღნიშნულის შესახებ ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა.

„გუშინ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერს დაურეკეს უცებ, ერთდროულად, ერთ დღეს გაახსენდათ, რომ მათი სასამართლო სხდომები განახლდება. ეს უკვე პირდაპირი წნეხია. შეიძლება 10 დღის მერე გააკეთო ეს ყველაფერი, თუ ასეთი აუცილებლობაა, მაგრამ ეს არის პირდაპირი წნეხი იმისათვის, რომ პოლიტიკურ პარტიებზე განახორციელონ ზემოქმედება.

მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც მიმაჩნია, რომ არის სწორი. სწორად დგომა დღეს არის ის, რომ ის მახინჯი სისტემა, რომელიც საქართველოშია ჩამოყალიბებული, გადავტეხოთ. ჩვენ ვართ ერთპიროვნულ მმართველობაში, ყველა ინსტიტუცია არის მისაკუთრებული, არათუ დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ვლაპარაკობ, არამედ სასამართლო სისტემაზე, პროკურატურაზე, ყველაფერი ერთი ადამიანის მიერ არის მისაკუთრებული და სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა იქცა არათუ რამის შემქმნელ და პოზიტივის დღის წესრიგის შემქმნელ ქვეყნად, არამედ მაჩანჩალა, ჭაობში ჩაძირულ და უპერსპექტივო ქვეყნად,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ის, რომ მათი სასამართლო პროცესი არ განახლდა, არაფერს ნიშნავს და არ გამორიცხავს, რომ მომდევნო დღეებში მათაც დაურეკონ.

„ვინც მიცნობდა, იცის ჩემი პოზიციები, ვინც არ მიცნობდა და ვერ მოასწრო ჩემი გაცნობა და ბადრი ჯაფარიძის გაცნობა, მგონი დარწმუნდა იმაში, რომ პოლიტიკაში არ მოვსულვართ იმისთვის, რომ ან საკუთარი თავი დაგვეცვა, ან რაღაც სხვა ამბიცია გვქონოდა. აქ ერთადერთი მიზანია - ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა ამ ეკონომიკური მდგომარეობიდან, ამიტომ მოვედით პოლიტიკაში, თორემ ვიქნებოდით გვერდიდან მაყურებელი, რაც არასდროს გაგვიკეთებია. ამიტომ ის გზავნილი, რაც სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართ იქნა გაჟღერებული, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს მიმართაც იგივე მეთოდი გამოიყენონ და ხვალ და ზეგ დაგვიბარონ. ძალიან წყნარად შევხვდებით ამას,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესების ახლა განახლება აჩვენებს, რომ სასამართლო დღეს არის „ჯიბის სასამართლო“. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ამ მეთოდებით მათ ვერ გატეხენ.

„პირდაპირ შემიძლია ვუთხრა „ოცნების“ მესვეურებს, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. ეს კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს, რომ სასამართლო დღეს არის ჯიბის სასამართლო, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო - იგივე მეთოდებით, შეიძლება ცოტა შელამაზებულად. პროკურატურა, სასამართლო ექვემდებარება მმართველ პარტიას, ეს არის მოცემულობა. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ, რომ ვერავინ გაბედოს ამ ქვეყანაში, რომ პროკურორს დაავალოს -დღეს გახსენი ეს საქმე, ხვალ გამოიძახე სასამართლოში ვიღაც იმიტომ, რომ პოლიტიკურ სიტუაციას ეს სჭირდება, რომ ახლა არიან ისინი სასამართლოში გამოსაძახებლები, როცა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი დგას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის - ეს ის მეთოდებია, რომელიც ბევრ ქვეყანაში ისტორიას ჩაბარდა. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ლიდერებიც იგივე პოზიციაზე არიან, ეს არ იქნება და ვერ იქნება ჩვენი, პირადად ჩემი და ბადრი ჯაფარიძის გატეხვის ან რაღაცის გაცვლის საფუძველი, რანაირი შედეგიც არ უნდა მოჰყვეს ამას - გამოგვიძახებენ, დაგვიჭერენ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, აქ ლაპარაკია ჩვენს ქვეყანაზე,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ჩაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა