გია ხუხაშვილი - ხელისუფლების ამოცანაა, რომ ივაჭროს პოლიტიკურ პროცესში და რბილად რომ ვთქვათ, ოპოზიცია ლოიალური გახადოს, თუმცა ეს მეთოდი ეფექტური არ იქნება

ხელისუფლების ამოცანაა, რომ ივაჭროს პოლიტიკურ პროცესში და რბილად რომ ვთქვათ, ოპოზიცია ლოიალური გახადოს, თუმცა ეს მეთოდი ეფექტური არ იქნება, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების განახლებას. ხუხაშვილი უახლოეს პერიოდში დასავლეთიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკას ელოდება.

ამასთან, როგორც ის ამბობს, სწორი დასკვნების გასაკეთებლად საჭიროა კონტექსტს შევხედოთ, თუ რა ვითარებაში შეჩერდა აღნიშნული პროცესები.

„თავის დროზე ეს საქმეები დაკონსერვდა ერთადერთი მიზნით, რომ პოლიტიკურ პროცესს არ გაჰყოლოდა ლაიტმოტივად და ვიღაცას ეს არ ჩაეთვალა პოლიტიკურ პრესინგად, ამ მიზეზით მოხდა ამის გადადება მინიმუმ იქამდე, სანამ ციკლი დაიხურებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ციკლი არ არის დახურული, ამ თემების აქტუალიზაცია ნიშნავს ამ პირობის და შეთანხმების დარღვევას, რაც შეიძლება ფურცელზე არ გადატანილა, მაგრამ მოიაზრებოდა.

სხვა საკითხია რა გახდა ამ შეთანხმების დარღვევის მოტივი, რაზეც პოლიტიკოსები საუბრობენ. მე არ შევალ ამ საქმეების სამართლებრივ განხილვაში, ეს ჩემს კომპეტენციას სცდილება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მართლმსაჯულების მიმართ ნდობა არის დრამატულად დაბალი, ნებისმიერ თეორიას აქვს არსებობის უფლება და მაღალი ალბათობით, ალბათ ასეც არის, რომ გარკვეული პოლიტიკური პრესინგის ინტერესი შეიძლება მოიაზრებოდეს ხელისუფლების მხრიდან, რომ უფრო დამყოლი გახადონ ოპოზიცია ამ კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით და გარკვეული უპირატესობა მიიღონ ამ მექანიზმის გამოყენებით.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მართლმსაჯულება ჩვენთან არის პოლიტიკურ ვერტიკალში ჩასმული, ეს ადამიანები რომელთა მიმართაც დევნა ხორციელდება, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ზუსტად იგივე სქემით ხდებოდა ყველაფერი და პრინციპში, პოლიტიკური მიზნებით მართლმსაჯულების გამოყენება არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი, ასე რომ ეს არის მანკიერება, რომელიც უახლეს ისტორიას ასე ლაიტმოტივად გასდევს,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

თუმცა, როგორც ხუხაშვილი ამბობს, ხელისუფლების ეს მეთოდი წარმატებული შედეგის მოტანის თვალსაზრისით, ვერ იქნება და ხელისუფლება მოკლევადიან გათვლებს აკეთებს, როცა მორიგ ჯერზე იღებს „წითელი ხაზების“ გადაკვეთის გადაწყვეტილებას.

„შესაძლოა, ამ საქმეების განახლებამ კიდევ უფრო გაართულოს ვითარება და საწინააღმდეგო შედეგი მიიღონ. ამ საქმეების ფიგურანტების განწყობა ამას ადასტურებს, ისინი საკმაოდ უკომპრომისოდ გამოიყურებიან და ასეთ გარიგებაზე ნაკლებად სავარაუდოა წავიდნენ. ჩვენი ხელისუფლება მოკლევადიან გათვლებს აკეთებს. ახლა დაინახეს, რომ დასავლეთი მათ მიმართ ამ კრიზისთან დაკავშირებით, უფრო რბილია და აქვთ განცდა, რომ ეს შეუძლიათ გამოიყენონ და ისევ გადაკვეთონ მორიგი წითელი ხაზი. სხვათაშორის ეს დამახასიათებელია არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც - ასე დაემართა ოპოზიციასაც, როცა დაინახეს, რომ დასავლეთი მათ მხარეს არის და უკაცრავად ამ ტერმინის გამოყენებისთვის - „გაუბერეს“ რასაც ჰქვია, შესაბამისი დამოკიდებულებაც მიიღეს და ასე იქცევა ახლა ხელისუფლება - დაინახეს რა დასავლეთის გარკვეული ლოიალურობა, ჩათვალეს, რომ ყველაფერი „მოსულა“. ეს ხელისუფლებას არაფერს კარგს არ მოუტანს, მხოლოდ დააზიანებს და ამას ვნახავთ ძალიან მალე. ისევ დაიწყება პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, მოვისმენთ დასავლეთში ძალიან ბევრ კრიტიკულ გამოსვლას პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით ამ საქმეებზე, დაიწყება ყველაფერი ევროპარლამენტში და კრიტიკის ინტენსივობა და ხარისხი გაიზრდება,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ჩაინიშნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს