გერმანია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს 10 იანვრამდე ახანგრძლივებს, -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყნის რეგიონების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში დახურული დარჩება რესტორნები და სასტუმროები, კერძო შეკრებებზე კი კვლავ მაქსიმუმ 5 ადამიანის თავშეყრა იქნება ნებადართული, რომლებიც ორზე მეტი სხვადასხვა ოჯახის წევრები არ უნდა იყვნენ.
აღნიშნული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე იყო ძალაში.
„რეგიონები შეზღუდვებს 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გაახანგრძლივებენ. პრინციპში, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ამჟამად არის,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.
კანცლერის თქმით, მასსა და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის კონსულტაციების მორიგი რაუნდი 4 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში კოვიდ 19-ის შემთხვევებმა ბოლო დღეებში იკლო, თუმცა გუშინ ქვეყანაში ფატალური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კერძოდ, ოთხშაბათს კორონავირუსის 17 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 487 ადამიანი გარდაიცვალა.
იხილეთ ვიდეო:გერმანია კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს 10 იანვრამდე ახანგრძლივებს