ზაალ უდუმაშვილი - ცესკოს შეკრებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის  სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც იმ ციფრებს ამტკიცებს, რაც ივანიშვილს სურს

ცესკო ივანიშვილის სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს,-ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ცესკოში დაგეგმილი სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.

როგორც უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიცია არ აპირებს იმ საპარლამენტო მანდატების აღებას, რომელიც „ივანიშვილმა პარტიებს უწყალობა და თითქოს საჩუქრებად დაარიგა“.

„ბუნებრივია, არ ვაღიარებთ იმ შედეგებს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება. ჩვენ ასევე არ ვაღიარებთ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს. დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეკრებას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პრაქტიკულად, ცესკო ივანიშვილის სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს. პირველი ტურის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ პრაქტიკულად, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის არც ერთი საჩივარი არ განხილულა არა მხოლოდ ცესკო-ს მიერ, არც საოლქო კომისიების დონეზე. ასე, რომ გასაგებია, საითაც მიჰყავს ყველაფერი ცესკო-ს. მას სურს, საბოლოოდ დაამტკიცოს ის ფიცრები, რაც ივანიშვილს სურს. ცესკომ, როგორც ინსტიტუტმა, აზრი დაკარგა“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა კვლავ ახალი არჩევნების დანიშვნა და ცესკო-ს ცვლილებაა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, თუ ახალი არჩევნები ისევ თამარ ჟვანიამ ჩაატარა, ახალ არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა. შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნებია. ეს როგორი იქნება- ვადამდელი, რიგგარეშე თუ ხელახალი, შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს, მაგრამ ვამბობთ, რომ მოთხოვნა არ შეიცვლება. ეს მოთხოვნა პირდაპირ გადაბმულია ცესკო-ს და ზოგადად, საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან, რადგან, თუ ახალი არჩევნები ისევ თამარ ჟვანიამ ჩაატარა, ახალ არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ასე, რომ მხოლოდ თამარ ჟვანიას ცვლილება ცესკო-ში ვითარებას ვერ შეცვლის, ცესკო-ს დაკომპლექტებისას მთლიანად სისტემა უნდა შეიცვალოს და შემდეგ, ანალოგიური ცვლილებები უნდა განხორციელდეს საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია იმ ხმების დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც „ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა“.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის ერთსულოვანი. ჩვენ არ ვაპირებთ იმ საპარლამენტო მანდატების აღებას, რომელიც ივანიშვილმა გვიწყალობა და თითქოს რაღაც საჩუქრებად დაგვირიგა. ვითხოვთ იმ ხმების დაბრუნებას, რომელიც ივანიშვილმა მოიპარა. ბუნებრივია, ამ პოზიციაზე ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და არა მხოლოდ ეს პარტიები, არამედ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია, პირველი სხდომის პარალელურად, რომელიც ჩაინიშნება, ერთობლივ დოკუმენტს გავაფორმებთ“,-აღნიშნა უდუმაშვილმა.

მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის გადადგომას ღირსეული საქციელი უწოდა და განაცხადა, რომ ის პირველი არ იქნება, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს.

„რაც შეეხება ანა მიქელაძის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ეს ძალიან ღირსეული საქციელია. ადამიანი, რომელსაც ნამდვილად აქვს ღირებულებები და რომელიც არ შეეგუა იმ უკანონობას, რომელიც დღეს ცესკო-შია. მისი გადაწყვეტილება მისასალმებელია და ვვარაუდობთ, რომ ანა მიქელაძე არ იქნება პირველი, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს. ცესკო-მ ქართველი ხალხის წინაშე მართლაც დანაშაული ჩაიდინა, ეს ნამდვილად არ უნდა დარჩეს საზოგადოების მხრიდან რეაგირების გარეშე“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა. მიქელაძემ გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ „ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა