სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს ინტერნეტმმართველობის მე-6 ვირტუალურ ფორუმში ჩაერთო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმის ისტორიაში, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე პირველად ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს.

ფორუმი სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ, საქართველოს კომუნიკაციის კომისიის, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), ICANN-ისა და RIPE NCC-ის წარმომადგენლებმა გახსნეს.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის რიგით მე-6 ფორუმზე სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტისა (AI) და პერსონალური მონაცემების დაცვის თემას დამოუკიდებელი სესია დაეთმო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, საინტერესო დისკუსია გაიმართა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე. მათ შორის, ამ სფეროს რეგულირებისა და განვითარების მხარდაჭერაზე.

სესიას მოდერირება სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ - სოფიო ჯიაძემ გაუწია, ხოლო ერთ-ერთ მომხსენებლად ფორუმის მონაწილეების წინაშე - კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი - ბექა ქენქაძე წარსდგა. სესიაზე მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ ევროპის საბჭოს ინფორმაციული განვითარების სამმართველოს უფროსი, იანიკ მენესორი, პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი, გიგა ჩოხელი, BTU-ს ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ზვიად გაბისონია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი, მარიამ შარანგია და სტარტაპ კომპანია პულსარის დამფუძნებელი - დაჩი ჭოლაძე.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის მეექვსე ვირტუალური ფორუმი 2-3 დეკემბერს იმართება. ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება COVID-19-ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს ეთმობა. COVID-19-ის პირობებში ციფრული მოქალაქეების უფლებებსა და მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ სესიაზე სამსახურიდან მოხსენებით კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, არჩილ ჯაველიძე წარსდგა, რომელმაც მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან მრავალმხრივ პლატფორმას, რომელიც საჯარო, კერძო, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო საზოგადოებას აერთიანებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო