ლევან თარხნიშვილი - მთლიან ოპოზიციას, ერთიანი პოზიცია გვქონდა, გვაქვს და იმედია გვექნება მომავალშიც

“ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიციას აქვს საერთო პოზიცია, რაც მდგომარეობს ხელახალი არჩევნების ჩატარების, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილების და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში.

თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის ერთიან პოზიციას.

“ჩვენ, მთლიან ოპოზიციას, ერთიანი პოზიცია გვქონდა, გვაქვს და იმედია გვექნება მომავალშიც. პოზიცია მარტივია - ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს ან ნაბიჯებს, რომლებიც მიგვიყვანს ხელახალ არჩევნებამდე, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, არ ვაპირებთ ამ შედეგების აღიარებას. რაღა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ, ახალი წესებით და გარდა ამისა, ცალკე დგას პოლიტპატიმრების თემა და მათი უპირობო გათავისუფლება.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამ შეხვედრაზე ოპოზიცია ერთიანი პოზიციით წარდგება. რისი თქმაც შეიძლება დღესვე, არის ის, რომ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის ერთიან პოზიციას და ხელს მოაწერს სამ განცხადებას.

ის 60 ადამიანი, რომელიც არჩეულია პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, მოაწერს ხელს, რომ არ შედის პარლამენტში. ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი ცესკოს მონაცემებით, ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომ ხსნიან სიებს და შესაბამისად, არავინ ამ პარტიებიდან არ შევა პარლამენტში. ბოლოს, ყველა ეს პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებდა არჩევნებში, კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ არ აღიარებს ამ შედეგებს“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს