რამაზ საყვარელიძე - „გირჩიდან“ გარიყული სამი წევრი სავარაუდოდ, პარლამენტში შევა - მთლიანი ოპოზიციის მიმართ მათ არ აქვთ ის ვალდებულებები, რაც ზურაბ ჯაფარიძეს

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პარტია „გირჩში“ განვითარებული მოვლენები საინტერესო პროცესია, მაგრამ არა ტრაგიკული.

როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი ვარაუდით, „გირჩიდან“ გარიყული სამი წევრი სანდრო რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში შევა.

„თავისთავად საინტერესო პროცესია, მაგრამ არა ტრაგიკული, რადგან პარტიები ცოცხალი ორგანიზმები არიან და სწორედ სიცოცხლის ნიშანია, როცა განსხვავებული აზრი ჩნდება. თუ ეს განსხვავებული აზრი პარლამენტში შესვლას ეხება, მით უფრო მისასალმებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში შევა, არ არის დაშტამპული თავისი პოლიტიკური გუნდის და ოპოზიციური გუნდის მიერ და დამოუკიდებლად აზროვნებს. ვფიქრობ, დამოუკიდებლად აზროვნების ნიშნით სანდრო რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია აღმოჩნდებიან პარლამენტში. ყოველი შემთხვევისთვის მთლიანი ოპოზიციის მიმართ მათ ის ვალდებულებები არ აქვთ, რაც ზურაბ ჯაფარიძეს.

სხვა პარტიებში ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, რადგან არ ვარ ჩაფლული პარტიების ცხოვრებაში, მაგრამ ვხედავ ლოგიკას. ძალიან არალოგიკურია ეს ბოიკოტი, რაც მთლიან ოპოზიციას აქვს აღებული კურსად. ამ დროს არიან ახალგაზრდები ყველა პარტიაში, რომელთაც როგორც იტყვიან, სისხლი უდუღთ და უნდათ პოლიტიკური ასპარეზი. ასეთი ასპარეზი კი პარლამენტია. ქუჩა ასპარეზი ნამდვილად არ არის. თუკი ეს ახალგზარდები აირჩევენ პარლამენტში შესვლის გზას, ცხოვრება დაიწყება და ქართულ პოლიტიკას ექნება განახლების რესურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული პოლიტიკა დარჩება ისეთი, როგორიც არის“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

როგორც საყვარელიძე ამბობს, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე განცხადებები წარსულშიც გააკეთეს, თუმცა, ახლა მათი პოზიცია ასეთივე მყარი აღარ არის, მიხეილ სააკაშვილის გავლენების ქვეშ მოექცნენ.

„მოვლენები გვიჩვენებს, რომ ეს ასეა. ოპოზიციის მთლიანობას აღებული აქვს კურსი იმისკენ, რომ შერისხონ ყველა, ვინც მათ მიერ არჩეულ გზას გადაუხვევს. ეს გზა შეიძლება უფსკრული იყოს, ოღონდ მთავარია ერთად გადავარდნენ ამ უფსკრულში. მთელი უბედურება ისაა, რომ ქართული პოლიტიკის სათავეში მოიწევენ საკმაოდ სუსტი პიროვნებები, მათ შორის პარტიების ლიდერები. სისუსტეა, როდესაც სხვების შეძახილით მოქმედებ, როდესაც საკუთარი ინტერესით არ მოქმედებ. ამას კომფორმიზმი ჰქვია ფსიქოლოგების ენაზე და არ არის პოლიტიკოსისთვის საუკეთესო თვისება. კომფორმიზმი ყველაზე ნაკლებად ესადაგება პოლიტიკოსის როლს და ფუნქციებს, თუ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ახლა, მერე მოახერხებენ? - რა თქმა უნდა, ვერა. არადა, პარლამენტში პოლიტიკოსი რჩება იმიტომ, რომ მას აქვს გადაწყვეტილების უნარი.

სავარაუდოა, რომ ოპოზიცია ისევ და ისევ კიევის და მიხეილ სააკაშვილის შეძახილით მოქმედებს, მისი დაქადნებით, რომ ვინც ამ გზას არ დაადგება, ის მოღალატედ, ივანიშვილის ჯიბის ბიჭად გამოცხადდება. თავისთავად რას ნიშნავს, რომ არ „გაუპრავებენ“ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებს? - მთელმა მსოფლიომ მიიღო ეს არჩევნები. ვის „უპრავებენ? -დასავლეთის წინაშე ამათ ნაბიჯებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საკუთარ მოსახლეობაში პროცენტების მიმართება მაინც ისეთი იქნება, რაც იყო. ვისთვის აკეთებენ ამ სპექტაკლს? ვინ არის მისი მაყურებელი და დამფასებელი? დასავლეთისგან რომ გამომჟღავნებულიყო სადმე მაინც ასეთი პოზიცია, რომ თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, მაშინ ჩვენც ეჭვს შევიტანთ არჩევნების შედეგებშიო, მაშინ იქნებოდა რაღაც ლოგიკა მათ საქციელში, მაგრამ დასავლეთი არ აპირებს ამათი პროტესტის საფუძველზე ეჭვის შეტენას, რადგან ოპოზიცია თავიანთ პროტესტს სასამართლო დადგენილებით ვერ უზრუნველყოფს. გამოდის, რომ ახლა თავისთვის მავნებლად ჭირვეული ბავშვივით იქცევა ოპოზიცია. გახარიამ ხომ თქვა „გაგაქრობთო“ და ესენიც ქრებიან. უკეთეს შესრულებას გახარიას ნათქვამისას ესენი ვერ მოახერხებდნენ. ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, უკვე თვითონაც ვერ გაუგიათ, მთავარია, წყალი გაასხან, სად დაესხმება ეს წყალი, მაგის არც აზრზე არიან და არც აინტერესებთ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც ის აცხადებს, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

"ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას" - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო