პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ „გირჩში“ მიმდინარე მოვლენები დაკავშირებულია გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ ოპოზიცია შესაძლოა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე პლებისციტის ჩატარებას დასთანხმდეს.
როგორც ლაგაზიძე ამბობს, პლებისციტის საკითხით ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც პარლამენტში შესვლა სურს, იქ მოსახვედრად შემოვლით გზებს ეძებს. ამასთან, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ „გირჩში“ მიმდინარე პროცესების მსგავსი სხვა პარტიებშიც ვიხილოთ.
„გავრცელებული იფნორმაცია, რომ ახლა განსახილველი თემა პლებისციტის საკითხია, ძალიან მტკივნეულია. საუბარია იმაზე, რომ ოპოზიცია დასთანხდეს პლებისციტის ჩატარებას იმის თაობაზე, შედგეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ეს პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულიად რეალური ინფორმაციაა და ბევრი სხვადასხვა წყარო ადასტურებს და ვინც არ უნდა იყოს გამხმოვანებელი, ეს არის პირდაპირ ხელისუფლების მიერ შეგდებული თემა. „გირჩში“ მიმდინარე განხეთქილებაც დიდი ალბათობით ამას უკავშირდება, რომ ნაწილს უნდა პარლამენტში შესვლა და ისინი ამას არც მალავდნენ, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მიზეზი და იგივე პროცესები შეიძლება ვიხილოთ სხვა პარტიებშიც, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია. გამიჭირდება თქმა რას იზამს პარტიების ის ნაწილი, რომელსაც პარლამენტში შესვლა არ უნდა, ხომ არ იმოქმედებენ პრინციპით - ჩათრევას ჩაყოლა სჯობია, რადგან პარტიების გახლეჩვის საშიშროება დაუდგება ყველას, რადგან ყველგან არა, მაგრამ სხვა პარტიებშიც არის ასეთი შიდა ბრძლები - ნაწილს უნდა შესვლა, ნაწილს არ უნდა. მაგრამ ამ შემთხვევაში სჯობს ის დაჭიანებული კბილი მოიშოროს პარტიამ, ვიდრე მთლიანად დაავადდეს. ასევე, ძალიან საინტერესოა, საიდან აქვს ოპოზიციას ფული თუ ხელისუფლებაზე მიყიდულები არ არიან პლებისტიცისთვის საჭირო კამპანიის ჩასატარებლად, რომ ტელევიზიით რეკლამა გაუშვან? ყველამ ვიცით, ვინ ზის ხელისუფლების კმაყოფაზე, რომელი პარტიები შეიქმნა ხლეისუფლების დაფინანსებით და ისინი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან, აღარ იციან საით წავიდნენ,“- აცხადებს ლაგაზიძე.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია პლებისციტის ჩატარებას დასთანხმდება, მას წააგებს, რადგან პანდემიის ფონზე იმედგაცრუებული ამომრჩევლის მიყვანა საარჩევნო უბნებთან გაუჭირდება. ამასთან, რთული იქნება მოკლე ვადაში ხალხის ინფორმირება, თუ რა არის პლებისციტი. ამიტომ როგორც ლაგაზიძე ამბობს, პლებისციტის შედეგი ხელისუფლების სასარგებლო იქნება, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს მაქსიმალურად დააორგანიზებს და საარჩევნო უბნებთან მიიყვანს. ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ პლებისციტის ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლება ორმაგ ლეგიტიმაციას მოიპოვებს.
„ოცნების“ ამოცანაა დღეს, რომ სანამ ბაიდენის ადმინისტრაცია საქმიანობას შეუდგება მანამდე შეცვალოს თავის სასარგებლოდ საპარლამენტო სტატუს-კვო და დაახვედროს 9 პარტიით პარლამენტი, რათა დაუწყოს მას ამ პოზიციიდან ლაპარაკი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტის მქონე ხელისუფლებამ. ამის შემდეგ ყველანაირი საუბრები არჩევნების გაყალბებაზე, არადემოკრატიულად ჩატარებაზე იქნება აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. ბოლო ლურსმანი ოპოზიციის კუბოზე იქნება პლებისციტში მათი დამარცხება, რაც არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ორმაგი ლიგიტიმაცია შეიძინა, არამედ რეალურად ოპოზიციის დასამარებას ნიშნავს - თუ ისინი პლებისციტს აგებენ, ეს ნიშნავს, რომ სულ ტყუილად აპროტესტებდნენ არჩევნების შედეგებს,“- განაცხადა ლაგაზიძემ.
ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში ერთადერთი ბერკეტი ოპოზიციის ხელში ის, არის რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიული პარლამენტით დატოვონ. რამდენად მომგებიანი იქნება ბრძოლა ბოიკოიტის რეჟიმზე, როგორც ლაგაზიძე ამბობს, ეს კითხვა თავის დროზე უნდა დაესვათ საკუთარი თავისთვის. „მათ შესვლას ექნება გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედგება მოლაპარაკება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე და ეს წერილობით გაფორმდება დიპლომატების თანდასწრებით. აქაც არის რისკი - ვერანაირი ხელშეკრულება კონსტიტუციაზე მაღლა ვერ დადგება, ეს ძალიან რთულია, ფაქტობრივად ხელოვნური კრიზისი უნდა შეიქმნას, რომ პარლამენტი და უკვე არჩეული მთავრობა დაითხოვონ, მაგრამ ეს მოგვარებადია, მხოლოდ საქართველოში არ ხდება მსგავსი რამ, როცა ხვდებიან რომ მმართველმა პარტიამ რესურსი ამოწურა ხელოვნურ კრიზისებს ევროპული ქვეყნებიც მიმართავენ ხოლმე,“- განაცხადა ლაგაზიძემ.
ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც ის აცხადებს, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.